საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე ამბობს, რომ ნატა ფერაძესთან დაკავშირებით „გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფარგლებში, რაც კანონით არის განსაზღვრული“.
მისივე შეფასებით, „ეს არის სიწმინდეებზე, რელიგიურ მრწამსზე, ღირებულებებზე მიზანმიმართული შეტევა“.
„მოსამართლემ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რა ქმედების შემცველი იყო ეს ყველაფერი, ეს კანონის ფარგლებში ჯდება და აქ პრობლემას ვერ ვხედავ. უფრო მეტიც, საგაზაფხულო სესიაზე გვექნება ინიციატივა იმის თაობაზე, რომ მსგავსი ქმედებების კუთხით გავამკაცროთ პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ეს არის სიწმინდეებზე, ჩვენს რელიგიურ მრწამსზე, ღირებულებებზე მიზანმიმართული შეტევა.
აქედან გამომდინარე, მე ვერ შევალ გადაწყვეტილების კონტექსტში, რაც მოსამართლემ მიიღო კონკრეტულ საკითხზე. თუმცა, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მოსამართლე მიიღებდა გადაწყვეტილებას კონკრეტული საქმიდან, იმ მხილებებიდან, მტკიცებულებებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული და რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფარგლებში, რაც კანონით არის განსაზღვრული. ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ ქვეყანას. კანონები, რაც ქვეყანაში მოქმედებს, აღიარებულია საერთაშორისო დონეზეც, რომ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკასთან“,- განაცხადა მიქანაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა სამებაში მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
„პუბლიკას“ ინფორმაცია საიაში დაუდასტურეს. საია ფერაძის ინტერესებს იცავდა.
შსს ადმინისტრაციულ საქმეს 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აწარმოებდა. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებდა ჯარიმას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე.
სამების ეკლესიაში ხატისთვის საღებავის შესხმის შემდეგ ნატა ფერაძეს ძალადობრივი დაჯგუფება „ალტ-ინფო“ ემუქრებოდა. მათ ფერაძის სახლთან აქციაც გამართეს. ნატა ფერაძის სახლამდე ისინი სამართალდამცველებმა არ მიუშვეს.
ნატა ფერაძემ პოლიციას მუქარის ფაქტებზე მიმართა. ის ასევე მოითხოვდა დაცვას. ფერაძის თქმით, მის მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია.
2024 წლის 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი, რომელიც სამების ტაძარშია გადაღებული. ხატზე წმინდა მატრონა მოსკოველია გამოსახული, საბჭოთა დიქტატორთან, იოსებ სტალინთან ერთად.
მატრონა მოსკოველის ხატი სამების ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა.
საზოგადოება ხატის ტაძრიდან გატანას მოითხოვდა. მოგვიანებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ხატის შემწირველს ხატიდან სტალინის წაშლა დაავალა.