მიქანაძე: ჰელსინკის კომისიის განცხადება წინასაარჩევნო პროცესში ჩარევაა

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გივი მიქანაძე ჰელსინკის კომისიის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევაა და მტკიცებულების გარეშე მათი განცხადება მიღებული ვერ იქნება.

მისივე თქმით, ეს ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად გაკეთდა.

„ჰელსინკის კომისიის განცხადება ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა.

მათი განცხადება, რომლის არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მიღებული, იმიტომ, რომ განცხადება კეთდება პირდაპირ უნდა ითქვას, ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად.

ამ განცხადებაში იკითხება, რომ თურმე რაღაც ქოლცენტრები არსებობს, რომ თურმე იქ შავი ფულია, რომელიც ოპოზიციის საწინააღმდეგო კამპანიას ხმარდება. სრული აბსურდია. ამას აუცილებლად სჭირდება მტკიცება. ჩვენ ველოდებით, რომ მათგან კონკრეტული მტკიცებულებები იყოს წარმოდგენილი, თუმცა რაც ბუნებაში არ არსებობს, წარმოდგენილი ვერ იქნება“, – განაცხადა მიქანაძემ.

მიქანაძის თქმით, ჰელსინკის კომისია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, როცა განცხადებას არ ავრცელებს დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ გამოძიებას ქოლცენტრების საქმეზე და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე.

„თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა“, – წერს ჰელსინკის კომისიის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელ X-ში.