მიქანაძე: ხაზარაძის და გახარიას პრეზიდენტთან მიპატიჟება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა

პუბლიკა

„ქართული ოცნების” წევრის, გივი მიქანაძის მტკიცებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსულტაციებისთვის მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას მიპატიჟება ორბელიანების სასახლეში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.

„16 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას პარტიებს არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ისინი ორბელიანების სასახლეში მიიპატიჟა. შეხვედრა პრეზიდენტის შუამავლობით 17 სექტემბერს გაიმართა და ეს სხვა არაფერია, თუ არა პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა და მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება”, – თქვა მმართველი პარტიის წევრმა.

გარდა ამისა, გივი მიქანაძემ 20 სექტემბრის ბრიფინგზე ილაპარაკა იმ მოვლენებზე, რომლებიც გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში განვითარდა და რომელიც, მისი თქმით, საარჩევნო გარემოს აზიანებს.

მათ შორის, „ქართული ოცნებისთვის” მიუღებელი აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის” წევრების მხრიდან სასამართლოში შეტანილი საჩივრები. თბილისის საქალაქო სასამართლომ  დააკმაყოფილა ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა და უფლება მისცა უწყებას, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპისა” და მისი დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია ბანკებიდან გამოითხოვოს. გადაწყვეტილება მოძრაობამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

არასამთავრობო ორგანიზაცია GDI-ის შეფასებით, „ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლის შესახებ განცხადებების გამო დაიწყოს სამოქალაქო მოძრაობისა და მისი დამფუძნებლების პირადი ფინანსური ანგარიშების შემოწმება, არის სრულად უკანონო და წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის უხეშ და უპრეცედენტო შემთხვევას”.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” კი აცხადებს, რომ „იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგი დაწყებულია ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის” მიმართ, არ არის დასაბუთებული, ვრცელდება თუ არა ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ან ამ ტიპის მონიტორინგის განხორციელების ფარგლებზე“.

„საიას” შეფასებით, „ასევე არ არის დასაბუთებული გამოთხოვილი ინფორმაციის მოცულობის საჭიროება და მიზანთან თავსებადობა. აღსანიშნავია, რომ დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია გამოთხოვილია მოძრაობის ამ ორგანიზაციის დაფუძნებამდე არსებულ პერიოდზეც – 2024 ორი ათას ოცდაოთხი წლის 1 იანვრიდან 26 ივლისის ჩათვლით”.

გივი მიქანაძის მტკიცებით კი, „აირჩიე ევროპა“ აქტიურად არის ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში“.

„ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები მმართველი გუნდის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდიან ოპოზიციურ მედია სივრცეში. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ანტიკორუფციულმა ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა ა(ა)იპ „აირჩიე ევროპის“, როგორც გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე პირის და მისი დამფუძნებლებისგან ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვა ამავე ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით. ორგანიზაციებმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ, ნაცვლად ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის“ არადეკლარირებულ პოლიტიკურ აქტივობებზე რეაგირებისა, ანტიკორუფციული ბიუროს საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს”, – თქვა გივი მიქანაძემ.