მიქანაძე: „სკოლებში სახელმძღვანელოები დაინერგება შემდეგი სტანდარტით - ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში“

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გივი მიქანაძე ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ პრეზენტაციას მართავს.

როგორც მიქანაძემ ცვლილებების წარდგენისას განაცხადა, დაგეგმილია მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში სკოლებში სახელმძღვანელოების სრულად შეცვლა.

მიქანაძე ამბობს, რომ „სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაიწეროს ახალი სახელმძღვანელოები“.

მისივე თქმით, ეს სახელმძღვანელოები დაინერგება შემდეგი სტანდარტით – „ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში“.

 „ჩვენ 2-3 წლის განმავლობაში ყველა სახელმძღვანელოს შევცვლით სკოლაში. დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები, ამისთვის სამინისტრომ გასული 6 თვის განმავლობაში შერჩევითობის პროცედურების გავლით შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები დისციპლინების მიხედვით და სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები.

და ეს სახელმძღვანელოები დაინერგება შემდეგი სტანდარტით – ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთი და იმავე დისციპლინაში აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელოები და ყველა სკოლაში იქნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი ხარისხი, ერთიანი პროცესისადმი ხელმისაწვდომობა და რაც მთავარია, გაზომვადობა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მიქანაძემ.

პრეზენტაციას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. როგორც მან თქვა, ზოგადი განათლების მიმართულებებით დაგეგმილი ცვლილებების დოკუმენტი მომზადდა იმავე პრინციპით, რითაც შემუშავდა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია.

მისივე თქმით, დოკუმენტში განსაზღვრულია 8 ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ზოგადი განათლების სისტემა და ამის საფუძველზე არის განსაზღვრული 8 პასუხი ამ გამოწვევებზე.