„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილის გივი მიქანაძის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილებით, სტუ-ში საინჟინრო-ტექნიკურის გარდა ყველა სხვა მიმართულება მილევად რეჟიმზე გადავა. ამ პროცესის წარმართვისთვის ხვალიდან მინისტრის მოადგილის ხემლმძღვანელობით სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი.
„მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, კონკრეტული მიმართულებები, რომელიც საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმზე, მათზე არ მოხდება რეფორმის კონცეფციიდან და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე მომავალი სასწავლო წლისთვის მიღების პროცესი.
შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს, უკვე ხვალიდან, მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც უნივერსიტეტის წარმომადგენლები იქნებიან მაქსიმალურად წარმოდგენილი და ამ სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება ამ მილევადი რეჟიმის ისე განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა, რომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში იყოს იმ მიზნების შესაბამისი, რაც არის კონცეფციის განსაზღვრული.
აქვე მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აკადემიური პერსონალის მოცემულობას. ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენ ვნახავთ: რა რესურსები არის, რა რესურსებთან მიმართებაში დაგვჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. გამომდინარე იქიდან, რომ ფაკულტეტები მილევად რეჟიმში არიან, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ თითოეული ის ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული და სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ მთავარი მოზანი რჩება აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება…”,- განმარტა გივი მიქანაძემ.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან და პროფესორებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სტუ თსუ-სთან აღარ გაერთიანდება. მისი თქმით, სტუ გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად და ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომელიც 90-იან წლებამდე ისწავლებოდა. სტუ-ში აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომელიც 90-იან წლებამდე არ ისწავლებოდა უნივერსიტეტში.
29 იანვარს „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ პარტიამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. მიქანაძის განმარტებით, ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი“. ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც თსუ-ის, ისე სტუ-ის ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილი. უნივერსიტეტებთან საპროტესტო აქციები იმართებოდა.