თამთა მიქელაძე წერს, რომ აქციებზე დაშავებულ ალექსანდრე თირქიას ჯანდაცვის სამინისტრომ უარი უთხრა საოპერაციო ხარჯების ანაზღაურებაზე. მიქელაძე აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე აუცილებლად ექნებათ სამართლებრივი რეაგირება.
„ალექსანდრე თირქიას ინტერესებს პირველივე დღეებიდან ვიცავთ გამოძიების წინაშე, 50-მდე სხვა ძალადობის მსხვერპლთან ერთად, რომლებიც ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში, შეკრების დროს, პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების უკანონო და არაპროპორციული გამოყენების, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.
ეს საქმე/საქმეები აუცილებლად გაიგზავნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმდინარე წლის განმავლობაში. გაოგნებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაბედა და ალექსანდრეს, რომელმაც უმძიმესი ტრავმები და დაზიანებები სწორედ სახელმწიფოს უკანონო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად მიიღო, საოპერაციო ხარჯები არ აუნაზღაურა“, – ამბობს ის.
მისი თქმით, თირქიას ამ ეტაპზე სჭირდებობა ბადურას უფრო დაბალბიუჯეტიანი ოპერაციის გაკეთება, თუმცა შემდგომ მას გასაკეთებელი ექნება უფრო მძიმე და ძვირადღირებული ოპერაცია. თამთა მიქელაძე ვარაუდობს, რომ სახელმწიფო მას ამ ოპერაციის დაფინანსებაზეც უარს ეტყვის.
„ახლა მას თვალის ბადურას უფრო დაბალბიუჯეტიანი ოპერაციის გაკეთება სჭირდებოდა და წინ თავზე კიდევ უფრო მძიმე, ძვირადღირებული და მაღალპროფესიონალური ოპერაცია აქვს, რომ სრულფასოვანი ცხოვრება შეძლოს. სავარაუდოდ, ისინი ამ ოპერაციის დაფინანსებაზეც უარს იტყვიან, რაც ძალიან მძიმე გავლენას მოახდენს ამ ახალგაზრდის ჯანმრთელობაზე და შემდგომ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე.
სახელმწიფოს შევახსენებ, რომ ძალადობის მსხვერპლების სამედიცინო საჭიროებების და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარჯების გაცემა მისი ვალდებულებაა და არა კეთილი ნება. ეს ვალდებულება მათ შორის, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლების მიმართ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებიდან და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე უფლებიდან გამომდინარეობს და დაცულია საერთაშორისო სამართლით.
აუცილებლად გვექნება ამ საკითხზე სამართლებრივი რეაგირება.
მაგრამ ეს ხომ კიდევ ერთხელ აჩვენებს, ამ სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ გადაგვარებას და არაადამიანურ და ანტისოციალურ მიდგომებს ყოველდღიურ ადმინისტრაციულ პრაქტიკაშიც კი.
მსხვერპლს სჭირდება სრული რეპარაცია უფლებებში და ეს მათ შორის გულისხმობს მათი რეტრავმატირებისგან დაცვას.
წარმოიდგინეთ, როგორ იქნება ეს გამორჩეული და ღირსეული ახალგაზრდა, რომელზეც სახელმწიფომ სასტიკად იძალადა, ძლივს გადაურჩა ამ უმძიმესი ფიზიკურ ტრავმას, ოპერაციების, კომის უმძიმესი გამოცდილება გამოიარა, ახლაც მისი ბებია ყოველდღე ზრუნავს მასზე და მის ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე. ამ ტანჯვისა და სისასტიკის შემდეგ კი სახელმწიფო მას რეაბილიტაციის უფლებას ართმევს. არცერთ რეჟიმს ეს არ უკადრებია”, – წერს ის.
„პუბლიკა“ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ცდილობს ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას.
ალექსი თირქია 3 დეკემბერს სპეცრაზმის მიერ აქციის ძალადობრივად დაშლის შემდეგ დაშავდა – ის კლინიკაში სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლისა და თვალბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით შეიყვანეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა. თირქიას სახეზე, სავარაუდოდ, სპეცრაზმის მიერ ნასროლი გაზის კაფსული მოხვდა.
დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა განაცხადა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო და ამ საუბრის დროს მის მეგობარ გოგოს ფეხში, ხოლო თავად მას სახეში, წარბის არეში, მოხვდა ე.წ. გაზის კაფსული.