„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სადიგოვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“. SJC აფგან სადიგოვის უფლებებს იცავს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 9-თვიანი საემიგრაციო პატიმრობის შემდეგ გუშინ, 16 აპრილს გაათავისუფლეს.
„ჩვენ აფგან სადიგოვის საქმეზე დავინახეთ, რომ ყველა უწყება და სასამართლოს ყველა რგოლი იყო ჩართული უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებებში. ჩვენ დავინახეთ, რომ არცერთმა სასამართლომ [და ორი პარალელური დავა მიდიოდა ექსტრადიციასა და საერთაშორისო დაცვაზე] სათანადო გადაწყვეტილება არ მიიღო. ყველაფერს აწერდნენ ხელს შსს და მიგრაციის სამსახური. უმოქმედო იყო იუსტიციის სამინისტრო და მხოლოდ სტრასბურგის სასამართლო გახდა ის ორგანო, რომელმაც სადიგოვის უსაფრთხოება დაიცვა“, – თქვა თამთა მიქელაძემ.
განცხადება გააკეთა აფგან სადიგოვმაც.
მან მადლობა გადაუხადა ქართველ ჟურნალისტებს მხარდაჭერისა და აქტიურად გაშუქებისთვის. ასევე, მადლობა უთხრა თავის უფლებადამცველებს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს.
„მოგესალმებით გაბედულ, მამაც ჟურნალისტებს. დიქტატორ კობახიძეს და განგსტერ, მაფიოზ ივანიშვილს ბედმა არ გაუღიმა, რომ მედიის თქვენნაირი წარმომადგენლები არიან საქართველოში.
ძალიან მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ჩემთან დაკავშირებულ ამბებს ყოველთვის აყენებდით დღის წესრიგში.
დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს უფლებადამცველებს, ადვოკატებს და „სოციალური სამართლიანობის ცენტრს.
მადლობას მოვახსენებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს, ბლოგერებს და აფგან მუხთარლის, რომ მხარდაჭერა არ დაიშურა ჩემთვის.
საქართველოში დამაკავეს დიქტატორი ალიევის შეკვეთით და საქართველოში დიქტატორობის გზაზე შემდგარი კობახიძის დავალებით.
უნდა იცოდნენ, რომ შეიძლება, აფგან სადიგოვი დაიჭირონ, შეიძლება მოკლან კიდეც, მაგრამ მათ ნაცვლად აუცილებლად სხვები გამოჩნდებიან.
აზერბაიჯანში უკვე 400-მდე პოლიტიკური პატიმარია და არსებული რეჟიმის სიველურე პიკს აღწევს.
აზერბაიჯანში ყოველ ჯერზე, როცა მაკავებდნენ, ჩემს ოჯახს აშანტაჟებდნენ და მცირეწლოვანი შვილების მკვლელობით მემუქრებოდნენ.
ყოველ ჯერზე მივმართავდი ალიევს, ეს ჩვენი ბრძოლაა და ოჯახს უნდა შეშვებოდა. კრიტიკოსების გაჩუმებას კი ვერ მიიღებდა.
სამწუხაროდ, დიქტატორები არასდროს გამოსწორდებიან.
პარტიას „ქართული ოცნება“ რომ დაარქვეს, ქართველების ოცნება არასდროს იქნება დიქტატურა“.
მას ჰკითხეს, რას აპირებს: საქართველოში დარჩენას თუ ქვეყნის დატოვებას. პასუხად სადიგოვმა თქვა, რომ არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
თუმცა, მისი თქმით, „საქართველოში საფრთხე არის, თან იმაზე მეტი, ვიდრე აზერბაიჯანში“.
საქართველოს კანონმდებლობით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეს შეადგენს. აფგან სადიგოვის შემთხვევაში ეს ვადა 2025 წლის 3 მაისს იწურებოდა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, სწორედ ამის გამო საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის მიმართ აღნიშნული განჩინება სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2025 წლის 27 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას დააფუძნა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას დევნილი ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აეკრძალა.
აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში აკრძალულია მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეზე არსებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს – პროცესი კი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება საქართველოში და აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა.
2024 წლის 18 ივლისს აფგან სადიგოვს ოჯახთან ერთად მცდელობა ჰქონდა, რომ გამგზავრებულიყო თურქეთში, რის საშუალებაც მესაზღვრეებმა არ მისცეს და უთხრეს, რომ მეუღლესა და შვილებს შეეძლოთ საზღვრის გადაკვეთა, თუმცა აფგან სადიგოვს მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო.
მიზეზი არ განუმარტეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა ინფორმაცია აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ საქმის აღძვრისა და მის მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ.
პროკურატურის ინფორმაციით, აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა 2024 წლის 9 მაისს. 13 მაისს კი აზერბაიჯანულმა მხარემ ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა 3 აგვისტოს დააკავეს. გამოძიების ცნობით, აფგან სადიგოვი დააკავეს აზერბაიჯანის მოთხოვნით.
მას ბრალად ედება დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 188.2.2 და 182.2.4 მუხლებით – „გამოძალვა, უცხო ადამიანისაგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა არაერთგზის“.
2024 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს, აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
აფგან სადიგოვმა 161 დღე იშიმშილა.