არასამთავრობო ორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თამთა მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარების საკითხს ეხმაურებიან.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ როგორც დღეს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ერთ-ერთი დირექტორი, თამთა მიქელაძე 30 მაისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხი პირის სტატუსით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა.
„სუს-ის ზოგადი განმარტებით, გამოძიება შეეხება რასობრივ დისკრიმინაციას, რადგან გარკვეული პირები ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას“, – წერია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სუს-ის მიერ გამოძიების დაწყება ბუნდოვანი ამოცანით, ხოლო შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გამოკითხვაზე დაბარება, შეიძლება აღიქმებოდეს როგორც მინიშნება და გაფრთხილება სამოქალაქო აქტივისტების მიმართ.
„ეს განსაკუთრებით პრობლემურია, იმ პირობებში, როცა ჩვენს სახელმწიფოში სამართლის უზენაესობა და ძალოვანი სტრუქტურების ჭარბი ძალაუფლება საპარლამენტო თუ სასამართლო კონტროლის მიღმა ისედაც დიდი გამოწვევაა და ხშირად სამოქალაქოსაზოგადოება კონტროლისა თუ გაწონასწორების ერთადერთ ცენტრს წარმოადგენს“, – წერია განცხადებაში.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული პრაქტიკა სახიფათოა იმის გამოც, რომ, დიდი ალბათობით, სუს-ი მოითხოვს გაფორმდეს გაუთქმელობის ხელწერილი, რაც შეუძლებელს გახდის არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ამ კონტექსტში გამოძიებაზე დაბარების ფაქტის მართებულობაზე ეფექტიან მსჯელობას, არამედ, თამთა მიქელაძე, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აქტივისტი, მოკლებული იქნება შესაძლებლობას, საზოგადოებას თავისუფლად, შეუზღუდავი სახით მიაწოდოს ხელისუფლების ალტერნატიული ინფორმაცია.
არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაძლევს საფუძველს, შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ არა პრობლემის წყაროს არამედ პრობლემის მამხილებელ აქტორებს, რომლებიც გონიერმა ხელისუფლებამ უნდა განიხილოს საკუთარ მოკავშირედ პრობლემის ძირეული აღმოფხვრის საქმეში.
განცხადებას ხელს 7 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GDI), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) და უფლებები საქართველო.