მირიამ ლექსმანი: გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების პირდაპირ პასუხისმგებლობას წარმოადგენს

პუბლიკა

ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

რეზოლუციის განხილვის დროს სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა თქვა, რომ გინტურის მკვლელობაზე ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს და სანქციები დაწესდეს.

„მე ფუნდამენტურად ვგმობ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას. ეს შემზარავი აქტი, ისევე როგორც ყველა სხვა მკვლელობა, საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცება და წამება, რუსეთის საოკუპაციო ძალების პირდაპირ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. ეს არ მოხდებოდა, რომ არა მათ მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაცია. ამიტომ, ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს, მათ შორის, მიზანმიმართული სანქციების გზით. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რუსეთმა უკანონო ოკუპაცია უნდა შეაჩეროს. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ვგმობთ რუსეთისა და მისი მარიონეტების მცდელობებს, რომლითაც ისინი ცდილობენ, რომ ამ მიზნებს ძირი გამოუთხარონ“, – განაცხადა მირიამ ლექსმანმა.

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროკავშირის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი სანქციების სიის შექმნა მოითხოვა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მსგავსი დანაშაულებისთვის შესაბამისი პირების დასანქცირებას.

„თამაზ გინტური, 2008 წლის ომის ვეტერანი, რუსულმა ძალებმა მოკლეს. ის ეკლესიაში მიდიოდა თავის მეგობართან ერთად, რომელიც ასევე საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს. ამ რეზოლუციის მიზანია, რომ შეიქმნას ევროკავშირის სია სანქციებისთვის, როგორც ეს მოხდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეზე. ეს სია დაგვეხმარება დავაწესოთ სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც დანაშაულებს სჩადიან მშვიდობიანი მოსახლეობის, საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების წინაშე”, – თქვა ანა ფოტიგამ.

რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები გმობენ თამაზ გინტურის მკვლელობას და ითხოვენ საქმის გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას.

რეზოლუციას ევროპარლამენტში დღეს უყრიან კენჭს.