საპროტესტო აქციების მონაწილე სერგეი ყანჩელი ამბობს, რომ 27 სექტემბერს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის მსხვერპლი გახდა.
მისი თქმით, პოლიციელებმა კუკიის სასაფლაოს მიმდებარედ გააჩერეს, შემდეგ კი სასაფლაოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ემუქრებოდნენ ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით.
აქტივისტის განცხადებით, მას ასევე აიძულებდნენ სექსუალური ხასიათის ქმედების შესრულებას.
სერგეი ყანჩელი პოლიციის მხრიდან ძალადობას თავის სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს.
მან მომხდარი „TV პირველის“ ეთერში დეტალურად გაიხსენა და, როგორც თავად ამბობს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ქვეყანა უკვე დატოვა.
სერგეი ყანჩელის მონათხრობს „პუბლიკა“ სრულად გთავაზობთ:
„დავდიოდი სარბენად. ვცხოვრობდი კუკიის სასაფლაოსთან და როცა სასაფლაოსთან ჩავდიოდი, გამაჩერა პოლიციამ. გადმოვიდა სამი პირი, მხოლოდ ერთს ეცვა პოლიციის ჟილეტი. გამჩხრიკეს. რომ ამოვალაგე ნივთები და ვაჩვენე ყველაფერი, რაც მქონდა, მითხრეს, რომ უნდა გამეხსნა ტელეფონი, რაზეც უარი ვთქვი.
თავიდან ძალიან გაბრაზდნენ და მითხრეს, რომ უნდა დავეკავებინე და მუქარა დაიწყეს. მე ვუთხარი, რომ თუ საჭიროა დაკავება, არ ვარ წინააღმდეგი, რადგან, როგორც აქტივისტი, ვერ გავხსნიდი ტელეფონს. ეს იყო უკანონო.
ამაზე ერთ-ერთი პოლიციელი გაბრაზდა და მითხრა, რომ წამოდი დავილაპარაკოთო და შემიყვანა სასაფლაოზე შიგნით.
იქ უკვე ძალიან შეიცვალა ტონი. ნუ, მანამდეც მემუქრებოდნენ, მაგრამ მერე უკვე ძალიან გაბრაზებულმა დამიწყო საუბარი. რამდენჯერმე დამარტყა სილა სახეში და მეუბნებოდა, რომ უნდა გამეხსნა ტელეფონი, რაზეც რამდენჯერმე ვუთხარი, რომ ვერ გავხსნიდი.
გამაშიშვლა სასაფლაოზე. შიგნით იმ დროს იყო მხოლოდ ერთი პოლიციელი ნუ, არ ვიცი, ფორმა არ ეცვა, მაგრამ მე მგონია, რომ პოლიციელი იყო. მერე მითხრა, რომ უნდა ჩამეცვა ისევ. იმ დროს დადიოდა, ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა… მერე გათიშა და მითხრა, რომ ჩამეცვა და ისევ გააგრძელა, რამდენჯერმე დამარტყა სახეში და მითხრა, რომ უნდა გამეხსნა ტელეფონი, რაზეც ისევ ვუპასუხე, რომ ვერ გავხსნიდი.
თავიდანვე მეუბნებოდნენ და მემუქრებოდნენ, რომ დამაკავებდნენ და მომისჯიდნენ წლებს ციხეში.
მერე ისევ რამდენჯერმე დამარტყა და დანარჩენი ორიც მოვიდა. სამივემ გააგრძელა ცემა, მირტყამდნენ ხელებით, მუშტებით, ფეხებით. მერე გადამიყვანეს ცოტა უფრო მოშორებით სასაფლაოს სიღრმეში და იქაც მირტყამდნენ. ერთ-ერთი საფლავის ღობესთან დამაყენეს, ნორმალურად ფეხზეც ვერ ვიდექი და იქ მირტყამდნენ.
რამდენიმე წუთის მერე მოვიდა კიდევ სამი ადამიანი. ისინიც პოლიციელები იყვნენ. მხოლოდ ერთს ეცვა ჟილეტი. ამ ახალმოსული პოლიციელებიდან ერთ-ერთმა გამიყვანა და მითხრა, რომ არ ვარ პოლიციელი, მისი მეგობარი ვარ და ხშირად ერთად დავდივართო და სანამ დრო გაქვს, აქედან უნდა წახვიდე და გაიქცეო.
იმ დროს დავფიქრდი, თან გასაქცევი გზა არსად იყო, მაგრამ როგორც ვიცოდი, ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული. მეგონა, რომ გაქცევა უფრო ცუდი იყო და რამდენჯერმე უარი ვუთხარი. ისევ აგრძელებდა და მეუბნებოდა, რომ უნდა გავქცეულიყავი, ვუმეორებდი, რომ არ ვიზამდი ამას და ძალიან გაბრაზდა – დამარტყა სახესა და ნეკნებში.
შემდეგ ისევ უკან მიმიყვანა დანარჩენებთან და ერთ-ერთმა თქვა, ფეხებში ვესროლოთო.
ცოტა ხანში ერთ-ერთმა ამოიღო იარაღი და დაიწყო მუქარა – მკერდზე, თავსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მადებდა იარაღს და მეუბნებოდა, რომ მესროდა და თან განაგრძობდნენ ცემას.
მერე ერთ-ერთმა თქვა, წავიდეთ, ახლა შენ უნდა ამოთხარო შენთვის საფლავიო და გადამიყვანეს კიდე უფრო შორს იმ ადგილიდან, სიღრმეში. ვიღაცის საფლავზე დამაგდეს და განაგრძეს ცემა.
იმ პოლიციელმა, რომელიც მანამდე მეუბნებოდა, რომ უნდა გავქცეულიყავი, ამოიღო დანა და დანით მუქარა დაიწყო – ყელსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მადებდა და თან მირტყამდა. შემდეგ, ცოტა ხანში, ის პოლიციელი დაბრუნდა, იარაღით რომ მემუქრებოდა და მეუბნებოდა, რომ მომკლავდა.
თან მირტყამდნენ და მიძახდნენ „აკაცუკს“ და რაღაც ისეთ სიტყვებს. ამ ყველაფრის მერე არ ვიცი, რა შეიცვალა, 5 პოლიციელი გადავიდა უკვე შესასვლელისკენ, მაგრამ შორს არ იყვნენ, თვალით ვხედავდი.
მერე იმან, ვინც სახე გამიკაწრა და მეუბნებოდა, რომ გავქცეულიყავი, მოიხსნა ქამარი, თავისი შარვალი ცოტა ქვევით ჩაიწია და მეუბნებოდა, რომ მ***ტი გამეკეთებინა და მე ვუთხარი, რომ არ გავაკეთებდი. თან შესთავაზა სხვა პოლიციელებსაც – მოდით, ბიჭებო, არ გინდათო? უარი ვუთხარი და ცოტა უკან გავიწიე, რაზეც გაბრაზდა და რამდენჯერმე ძლიერად დამარტყა.
მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ დამარტყა, გადამიყვანა დანარჩენებთან და მითხრეს, რომ საფლავის რაღაც ქვაზე უნდა დავმდგარიყავი ცალ ფეხზე.
იმ მომენტში დავინახე, რომ სხვა პოლიციელები უკვე ასუფთავებდნენ ჩემს ნივთებს, რომლებიც მანამდე ამოიღეს ჩანთიდან და, სანამ ერთ-ერთ საფლავზე ვიდექი, მეუბნებოდნენ, რომ ხელები ასე უნდა გააკეთო, ისე უნდა გააკეთოო და თუ არ ვაკეთებდი, მირტყამდნენ. თან სპეციალურად ორი პოლიციელი სხვადასხვა რაღაცას მეუბნებოდა და ერთს რომ ვაკეთებდი, მეორე ამბობდა, მე სხვა რაღაც გითხარიო და მირტყამდა. მერე მაგას რომ ვაკეთებდი, მეორე ამბობდა, არა, მე სხვა რაღაცა გითხარიო და ისიც მირტყამდა.
შემდეგ უკვე ერთ-ერთმა პირმა, რომელიც ჩემს ნივთებს ასუფთავებდა და ჩემი საფულე ჰქონდა, იპოვა ჩემი ბავშვობის ფოტო, რომელშიც ახალდაბადებული ვარ, დედაჩემთან ერთად და მკითხა, ვინ არის ამ ფოტოზე. ვუთხარი, რომ დედაჩემი იყო და დაიწყო გინება.
მერე მკითხა ბავშვზე, ანუ ჩემზე, ვინ არისო და მაგაზეც რომ ვუპასუხე, ორივეს მისამართით გააგრძელა გინება და დაიწყო ამ ფოტოსურათის დადება თავის სასქესო ორგანოზე და ისევ განაგრძობდა გინებას.
მერე ეს ფოტო აიღო ისევ და გააგრძელა ლაპარაკი, რომ ცეცხლი უნდა მოვუკიდო ამ ფოტოსო. ჩემ წინ იდგა, სანთებელა ეჭირა და მოუკიდა, უბრალოდ ის ფოტო პლასტმასის არის და დიდად არ გაფუჭებულა, მაგრამ ერთ-ერთი კუთხე მაინც გაფუჭებულია.
მაგის მერე უკვე დაასუფთავეს ჩემი ნივთები და გადაყარეს საფლავებს შორის ბუჩქებში. მითხრეს, სანამ ჩვენ არ წავალთ, არ გამოხვიდე და მერე რომ წავალთ, მხოლოდ მაშინ დაიწყე ნივთების აღებაო.
ბოლოს იმ პოლიციელმა, რომელიც მჩხრეკდა, მითხრა, რომ ამ ყველაფრის ღირსი ხარ შენი „აკაცუკი“ დედაცო.
სანამ წავიდოდა აიღო ჩემი ტელეფონი და ბეტონს ესროლა და თქვა, ეს შენთვის გაკვეთილი იქნებაო, მერე წყალი შემასხა შორტებში და წავიდა. რომ წავიდნენ, ცოტა ხანი მესმოდა სირენის ხმა და მერე ალბათ სულ წავიდნენ, ვერ ვხედავდი“, – ამბობს სერგეი ყანჩელი.
პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.