მირზა შაფის პროექტზე კომპანიამ მუშაობა გააგრძელა

პუბლიკა

მირზა შაფის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გრძელდება. რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ მიმდინარეობდა კლდის ჭრის სამუშაოები.

გარემოსდამცველი ნატა ფერაძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ კომპანიამ თბილისის მერიისგან მშენებლობის ნებართვის გახანგრძლივება მოითხოვა. მისი თქმით, ამ ვითარებაში, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და დაწესებულია რიგი შეზღუდვები, დაუშვებელი იყო მშენებლობის გაგრძელება, რადგან საზოგადოება დიდადაა დაინტერესებული მირზა შაფის ქუჩაზე დაგეგმილი მშენებლობის საკითხით.

„გრძელდება კლდის ჭრა, tas.ge-ზე ატვირთულ ფოტოებში ჩანს, რომ ძალიან ღრმად იჭრება კლდე და იქ სერიოზული სამუშაოები მიდის. მშენებლობის გაგრძელება დაუშვებელი იყო ასეთი ვითარების ფონზე, როცა იციან, რომ ამხელა ინტერესია ამ მშენებლობის მიმართ. მიმდინარეობს კლდის ინტენსიური ჭრა. საპროტესტოდ ვერ გავდივართ. არადა, ბევრი რამ ხდება, მათ შორის აღსანიშნავია „ანას ბაღის“ საკითხიც, სადაც შეჩერებული იყო მშენებლობა და განუახლეს“, – განაცხადა ნატა ფერაძემ.

თბილისის არქიტექტურის სამსახურს მირზა შაფის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვის გახანგრძლივების თხოვნით შპს „დემარკის“ წარმომადგენელმა, არქიტექტორმა ვლადიმერ აბრამიშვილმა გასულ თვეში, 2020 წლის მარტში მიმართა. არქიტექტურის სამსახურმა დააკმაყოფილა მოთხოვნა და კომპანიას მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 12 მაისის ჩათვლით.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მირზა შაფის ქუჩაზე მშენებლობა გაცემული ნებართვის ფარგლებში მიმდინარეობს.

მირზა შაფის ქუჩაზე 9200 კვ.მ ფართობზე შპს „აპოლო გ.ს-ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაა დაწყებული. აღნიშნულ მშენებლობას 12-წლიანი ისტორია აქვს. კომპლექსის მშენებლობას გარემოს,  კულტურული მემკვიდრეობის დამცველები, აქტივისტები აპროტესტებდნენ.

მირზა შაფის ქუჩაზე არსებული სახლების უნებართვო დემონტაჟი 2008 წელს დაიწყეს, მათ შორის იყო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლიც. 2011 წელს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე მშენებლობის ნებართვა გაიცა, ხოლო მომდევნო წლებში პროექტი რამდენჯერმე დაკორექტირდა.

აღნიშნული პროექტის მშენებლობა 2016 წელს გაცემული დაკორექტირებული პროექტის მშენებლობის ნებართვის ფარგლებში მიმდინარეობს.