მირზოიანი: სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყაროს და საზღვარი გახსნას

პუბლიკა

სომეხ ხალხს თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სურს – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ანტალიაში გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში ჩავუშოღლუსა და მირზოიანს შორის შეხვედრა გაიმართა. ფორუმზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯებზე იმსჯელეს. ეს იყო პირველი მაღალი დონის ვიზიტი სომხეთიდან თურქეთში ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

„მინისტრ ჩავუშოღლუსთან ჩემი შეხვედრის დროს ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები და იმედი მაქვს, რომ მხედველობაში მიიღებენ“, – განაცხადა მირზოიანმა.

მისი თქმით, თურქეთთან საზღვრის გახსნა და ურთიერთობის ნორმალიზება სომეხი ხალხის სურვილია და აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მოლაპარაკებების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.

„საერთო ჯამში, ჩვენ ამას დადებითად ვაფასებთ” – განაცხადა თურქულ მედიასთან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„სომხეთი მზად არის დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად და საზღვრების გასახსნელად. მიხარია, რომ ჩემი თურქი კოლეგისგან მოვისმინე, რომ მათ აქვთ პოლიტიკური ნება. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე მჯერა, რომ ჩვენ არ უნდა დავაყოვნოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.