მირზოიანი: სომხეთის ძირითადი პარტნიორები აშშ და ევროპა არიან

პუბლიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ამბობს, რომ სომხეთის ძირითადი პარტნიორები აშშ და ევროპა არიან.

ამის შესახებ მან არგენტინულ ტელეარხ TN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ დემოკრატია გვაქვს და გვსურს დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება. ვხედავთ, რომ აშშ და ევროკავშირი ჩვენი ძირითადი პარტნიორები არიან… ამჟამად ჩვენ ვაღრმავებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ბრიუსელსა და ვაშინგტონთან”, – თქვა მან.

არარატ მირზოიანმა ტელეარხთან ასევე ისაუბრა NATO-ზეც. თქვა, რომ სომხეთის დღის წესრიგში ამ ეტაპზე ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრების საკითხი არ დგას.

„ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ NATO-სთან – მონაწილეობას ვიღებთ სამშვიდობო ოპერაციებში. ვიყავით ავღანეთში, გავზარდეთ ჩვენი სამშვიდობოების რაოდენობა კოსოვოში. გვაქვს თანამშრომლობის ფორმატი. თუ კანდიდატობაზე ან NATO-ში გაწევრების მისწრაფებაზეა საუბარი, არა, ეს საკითხი ამჟამად სომხეთის დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა მირზოიანმა.

მირზოაინის თქმით, სომეხ ხალხს ევროპული მისწაფებები აქვს.