„მის ქმედებაში დანაშაული არ იკვეთება" - ზურაბაშვილის ადვოკატი პატიმრობის გამოყენებას ასაჩივრებს

პუბლიკა

ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილის დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, – როგორც „პუბლიკას” მისმა ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ განუცხადა, ზემდგომ ინსტანციაში საჩივრის წარდგენის ვადა ხვალამდეა.

ადვოკატი ამბობს, თუ რატომ მიაჩნია დაცვის მხარეს, რომ ზურაბაშვილს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა ჰქონდეს შეფარდებული:

„მის ქმედებაში დანაშაული არ იკვეთება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ვერცერთ მუხლს ვერ იპოვით, რომელიც ლევანის მიერ ჩადენილ ქმედებას მიესადაგება. მისი ქმედება რეალურად დანაშაული არ იყო.

მძევლად ხელში ჩაგდება ნიშნავს იმას, რომ მას უნდა გაეკეთებინა ასეთი რამ – დაეტყვევებინა ეს ხალხი, არ გამოეშვა გარეთ, მიემართა სახელმწიფოსთვის, ბანკებისთვის და პირობა წაეყენებინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ადამიანებს სიცოცხლეს დაემუქრებოდა საფრთხე და არ უნდა გაეშვა ისინი.

მას ერთი წუთითაც კი გადაადგილება არ შეუზღუდავს ადამიანებისთვის, ვისაც უნდოდა გადიოდა, შედიოდა. ჩვენებებიც არსებობს და ამას გამოვაქვეყნებთ კიდეც. ადამიანები ამბობენ, რომ როგორც კი შევიდა შენობაში, ამბობდა, რომ არ შეგეშინდეთ, მე ვიბრძვი თქვენთვის, და დამეხმარეთ, რომ ჟურნალისტები მოვიყვანო ჩემამდე”, – ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, მას თან არ ჰქონია არანაირი იარაღი, ჰქონდა მხოლოდ სპორტული პისტოლეტი, რომელიც გამოსცემს ხოლმე ხმას, ასევე ხელყუმბარის ფორმიის სანთებელა საფერფლითურთ.


საქართველოს პროკურატურამ ლევან ზურაბაშვილს ბრალი ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით წაუყენა. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მას გუშინ, 23 ნოემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის” შენობაში შეიჭრა ლ.ზ. , რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა”, – აცხადებს პროკურატურა.

უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.

ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა,  ლევან ზურაბაშვილი მოთხოვდა:

„აიკრძალოს ყველა აკრძალული თამაში. არა აქვს მნიშვნელობა, ინტერნეტსივრცეში იქნება თუ სხვაგან. ბანკებს მიეცეთ უფლება, რომ წლიური პროცენტი… დავიღალეთ, აღარ შეგვიძლია, ყველას, ვისაც აქვს სესხი, მთელ საქართველოს გადაუტანონ 7%-ში. მესამე – შეამცირეთ წამლების ფასი; ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, – აცხადებდა ის.