მისასალმებელიც იქნება, თუ წელს გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობას - იმნაძე

პუბლიკა

ზოგს მთა მოსწონს და ზოგს ზღვა, ისევ და ისევ, დავგეგმოთ გემოვნების მიხედვით [ზაფხულის დასვენება], –  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ პრესკონფერენციისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისასალმებელი იქნება, თუ წელს მაქსიმალურად მოხდება ქვეყანაში არსებულ კურორტებზე არჩევნის გაკეთება.

„გასაგებია, რომ ჩვენ, რაც არ უნდა უცხოელი ტურისტებისთვის გავხსნათ ჩვენი კარიბჭეები, მაინც იმდენი არ იქნება უცხოელი ტურისტი, და მისასალმებელიც იქნება, თუ წელს ყველანი გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ჩვენივე შიდა ტურიზმი განვავითაროთ ქვეყანაში და მაქსიმალურად ავითვისოთ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეები ჩვენი კურორტების სახით”, – განაცხადა იმნაძემ.


დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბარი შეეხო ასევე საზღვაო სეზონსა და გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მიდის მსჯელობა იმაზე, თუ რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევს მოსახლეობას საზღვაო სეზონზე.

„ჩვენ ვმუშაობთ იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ სეზონისთვის: ვადევნებთ თვალყურს სხვა, იმ ქვეყნების რეკომენდაციებს, რომელთაც საზღვაო კურორტები აქვთ – როგორ რეკომენდაციებს იმუშავებენ სხვა ქვეყნები; რა გამოცდილება აქვთ სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებს, სადაც უკვე გადაიარა საზღვაო კურორტების სეზონებმა; ან ისეთ ქვეყნებს, სადაც მთელი წლის მანძილზე არის საზღვაო სეზონი. ალბათ, ისევ და ისევ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უპირატესად რეკომენდებული იქნება, რომ პლაჟებზე განლაგებისას, დაცული იყოს ფიზიკური დისტანცირება, რაც გარანტიაა იმისა, რომ უშუალო გადადება ადამიანიდან ადამიანზე იქნება შემცირებული“, – აღნიშნავს ზახაშვილი.

ხათუნა ზახაშვილი ხაზს უსვამს სასტუმროების უსაფრთხოების ზომებს. მისი განცხადებით, ასეთი ტიპის დაწესებულებებისათვის, რეკომენდაციები შემუშავებული აქვთ. ის აღნიშნავს, რომ ნორმალურ სასტუმროში ჰიგიენური წესები უნდა იყოს დაცული და ეს წესები, ზღვის ამ სეზონზე უფრო მეტად გამკაცრებას მოითხოვს. გაიცემა დამატებითი რეკომენდაციები, რომ სასტუმროების შიგნით საერთო შეხვედრის სივრცეებში ადამიანთა დამატებითი შეხვედრები შეზღუდული და მინიმიზებული იყოს.