იუმორისტი მიშა ანდღულაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჰააგაში თავს დაესხნენ, პროკურატურას მიმართავს და დაზარალებულის სტატუსსა და დაცვას მოითხოვს.
მიშა ანდღულაძე TV პირველთან აცხადებს, რომ სიცრუეა, თითქოს ჰააგაში „ქართული ოცნების“ წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ამიტომ გაუსწორდნენ ფიზიკურად.
ანდღულაძის თქმით, სოციალურ ქსელში გრძელდება მუქარის შემცველი შეტყობინებების გამოგზავნა და ამიტომ მოითხოვს სახელმწიფოსგან დაცვის დანიშვნას.
„ატვირთულ ვიდეოში ჩანს, რომ მე იმიტომ დამესხნენ თავს, რომ თურმე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ვუწოდე რუსები, რაც აბსოლუტური ტყუილია.
[…] ეს საშინელებაა და ჩემი პირადი სიცოცხლის საკითხს ეხება. აქ უკვე მოვითხოვთ საჩივარში, მცნონ დაზარალებულად და დამინიშნონ დაცვა. მე არ მაქვს საშუალება, რომ დაცვით ვიარო. გამოდის, რომ არათუ საკუთარ ქვეყანაში არ ვარ დაცული, საზღვარგარეთაც არ ვარ დაცული.
[…] გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ჰგავს, ყველა თითქოს მომართულია, რომ თურმე მე დამაკლდა და კიდევ მეტი უნდა ყოფილიყო. რეალურად ისე გამოვიდა, რომ კმაყოფილი არ დარჩნენ ადამიანები, ვისაც უნდოდა, რომ არ ვიცი, როგორი ვენახე…. შემზადება მიდის, თითქოს, უნდა მოხდეს რაღაც ფატალური და სანამ ფატალური მოხდება, იქამდე ამას თუ არ ვუშველეთ, ეს ჯოჯოხეთია, მეც აღმოვჩნდი ძალადობაში შეჯიბრის სტატისტიკაში. 10 კაცი და თან ვის, კომედიანტს რომ ხუმრობის გამო თავს ესხმიან, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ? სხვას, ვინც პირდაპირ ჩართულია რაღაც პროცესებში, იმას რა დაემართება, წარმომიდგენია“, – განაცხადა მან.