მიშა მშვილდაძის საქმეზე GDI-მ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

პუბლიკა

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) მიშა მშვილდაძეზე 2023 წლის 27 ივნისს განხორციელებული ძალადობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში წარმოებული გამოძიება არ ყოფილა ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური.

„საგამოძიებო ორგანოს არ ამოუღია ყველა ვიდეო კამერის ჩანაწერი, არ დაუკითხავს ყველა მოწმე, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. დანაშაულის კვალიფიკაცია იყო არასწორი და ნაცვლად ჯგუფურად, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი არაადამიანური მოპყრობისა, დაკვალიფიცირებული იყო სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა). დაზარალებულს, მისი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, არ მიაწოდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა მტკიცებულება (ვიდეო-მასალები). აღნიშნული გარემოებების გამო, მიხეილ მშვილდაძემ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“ — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ  საჩივარი შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა, მატერიალური და პროცედურული ნაწილი) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში და მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევას.

მომჩივანი დავობს, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაული სავარაუდოდ სახელმწიფოს მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული, შესაბამისად, მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

მომჩივანი ასევე დავობს  გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზეც, ,,ვინაიდან არის ჟურნალისტი და სახელმწიფოს ეკრძალება ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების მსგავსი ფორმით შეზღუდვა, ამასთან სახელმწიფოს ევალებოდა გამოეძიებინა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები”, – აღნიშნულია განცხადებაში.