მიშამ მთხოვა, განმემარტა, რომ თავისი ვაჟი სრულწლოვანია და მას საკუთარი აღქმები აქვს - გვარამია

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ შეხვედრისას სააკაშვილმა თავისი შვილის, ედუარდ სააკაშვილის ინტერვიუც შეაფასა, რომელიც „რადიო თავისუფლებასთან“ ჩაწერა.

მისი თქმით, სააკაშვილი თავისი შვილის მიერ ოპოზიციონერებზე გამოთქმულ მოსაზრებას არ ეთანხმება.

„სადაც მისი ვაჟი ამბობს, რომ ვიღაცებს სურთ მისი სიკვდილი და ეს ურჩევნიათ შეიძლება… თვითონ მიშამ მთხოვა, რომ განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი სრულწლოვანი ადამიანია, მას თავისი აღქმები აქვს, თავისი პოზიციები აქვს და იგი გამოხატავს მამასთან შეთანხმების გარეშე ცხადია ამ ყველაფერს. თვითონ [მიხეილ სააკაშვილი] არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდეს და ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ მომკვდარიყო და რაღაცა ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის, ეს მისი პოზიცია არ არის, თუმცა ცხადია შვილს ის არ ემიჯნება, პირიქით, ის ამბობს, რომ მიხარია, რომ ინტერვიუ მისცა, მიხარია, რომ თავისი აზრები გადმოსცა, თუმცა ეს ის ნაწილია, რასაც მე ასე არ ვხედავო“, – განაცხადა გვარამიამ.


„რადიო თავისუფლებამ“ გუშინ გამოაქვეყნა ინტერვიუ ედუარდ სააკაშვილთან, სადაც მან ოპოზიციონერებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება მართლა ურჩევნიათ – მკვდარი [სააკაშვილი], ვიდრე ცოცხალი“.

„ძალიან მაშფოთებს და მართლა შემზარავი არის, როდესაც მესმის ოპოზიციის მხრიდანაც ამაზე საუბარი – აი, თქვენ არ იცით, რა მოხდება, რას დავატრიალებთ… ფაქტობრივად, ნებსით თუ უნებლიეთ, ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ – ვა, რა მაგარი იქნება, ეს მართლა რომ მოხდეს, ახლა რა მაგარ რაღაცებს დავატრიალებთ და ამათ დედას ვუტირებთ. არაფერ კონსპირაციულს არ ვიძახი, უბრალოდ, თუნდაც, ტელევიზიებში ასე ჩანს, რომ ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება მართლა ურჩევნიათ – მკვდარი, ვიდრე ცოცხალი“, – თქვა ედუარდ სააკაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.