მიშელი: ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე EU-ის ერთგულება საქართველოს მიმართ

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაიმართა, სადაც კლიმატის ცვლილების სამიტი მიმდინარეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შარლ მიშელმა და ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს.

პრესრელიზის თანახმად, ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე.

პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ უკვე განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ღარიბაშვილმა მიშელს უთხრა, რომ საქართველო აგრძელებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს.

თავის მხრივ, შარლ მიშელმა თქვა:

„კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და მეც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს განგრძობად ძალისხმევას რეფორმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად, რათა ქართველი ხალხის ინტერესებში აუციელბელი ნაბიჯები გადაიდგას”.

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაცია გაუწია.

მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი – საბოლოო გადაწყვეტილება 14-15 დეკემბერს, სამიტზე გამოცხადდება.