ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიებს” კიდევ ერთხელ პასუხობს და აცხადებს, რომ როტაციულ თავმჯდომარეობას არავითარი როლი არ აქვს საერთაშორისო ასპარეზზე ევროკავშირის წარმომადგენლობაში. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც POLITICO-მ მოიპოვა.
„როტაციულ თავმჯდომარეობას არ აქვს არავითარი როლი კავშირის წარმომადგენლობაში საერთაშორისო ასპარეზზე და არ მიუღია ევროპული საბჭოსგან მანდატი, რათა მონაწილეობა მიეღო კავშირის სახელით”, – სწერს მიშელი ორბანს.
მისივე თქმით, ეს ჯერ კიდევ ორბანის მოსკოვში ვიზიტამდე განაცხადა ცხადად, რაც შემდეგ კვლავ დაადასტურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 5 ივლისის განცხადებამ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 63 ევროპარლამენტარი ევროკავშირში უნგრეთისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას მოითხოვს. დეპუტატები ამ მოწოდებით მიმართავენ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ვიქტორ ორბანმა „ევროკავშირის თავმჯდომარეობის ბოროტად გამოყენების გამო უკვე გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი”.
POLITICO წყაროებზე დაყრდნობით წერდა იმასაც, რომ ევროკომისიამ კომისრებს სთხოვა, უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში უნგრეთში დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრებს არ დაესწრონ.
ევროკომისიას ამით სურს, ბუდაპეშტს გაუგზავნოს გზავნილი, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება მიუღებელია, – უთხრა მედიას ერთ-ერთმა წყარომ.
უნგრეთმა ევროკავშირში საბჭოს თავმჯდომარეობა როტაციით პირველ ივლისს შეითავსა. მას შემდეგ ორბანმა წამოიწყო „სამშვიდობო მისია“ და ეწვია როგორც კიევს, ასევე მოსკოვს. მისი ვიზიტები არ ყოფილა შეთანხმებული ევროკავშირთან და როგორც ლიდერებმა განაცხადეს, ის იქ EU-ს არ წარმოადგენდა.