მიშელი: სალომე ზურაბიშვილის საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში შევხვდი

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„სალომე ზურაბიშვილის საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში შევხვდი. როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს სჭირდება, გააღრმაოს რეფორმები ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებთან შესაბამისობაში. რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირის გზის საფუძველია. საქართველოს მომავალზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საქართველოში ქართველ ხალხს შეუძლია“, – წერს მიშელი X-ზე.

შეხვედრას გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც:

„ჩვენი ერის სახელით მადლიერება გამოვხატე საქართველოს მეგობრის, შარლ მიშელის მიმართ, რომელიც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს. ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევენბზე ქართველ ხალხს გააძლიერებს მაშინ, როცა ევროპული მომავლის მიმართ ჩვენს ერთგულებას ვადასტურებთ“, – დაწერა მან.

შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს ხვდება.