მიშელს ვუთხარი, რომ ვართ მოტივირებული და ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება სრულდება - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. ღარიბაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა.

„მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშელთან. მივაწოდე ინფორმაცია, როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. ვუთხარი, რომ ჩვენი მხრიდან ვართ მოტივირებული და მივყვებით ამ პროცესს და ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდა და სრულდება ის პირობები, რომლებიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში.

აქვე ვუთხარი, რომ, სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი ამ შეთანხმებაზე, რაც არის, რა თქმა უნდა, დიდი შემაფერხებელი ფაქტორი პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და ზოგადად, სიტუაციის დამშვიდებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა საქართველოში სტაბილური ვითარებისა და მშვიდობის შენარჩუნება. ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც ჩვენ გავუზიარეთ პრეზიდენტ მიშელს და ამაზე აბსოლუტურად სრული თანხვედრა გვაქვს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტ მიშელთან საუბარი ჰქონდა  ასევე მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმაზე.

„საუბარი მქონდა პრეზიდენტ მიშელთან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ. ასევე, გვქონდა ჩართულობა ოპოზიციასთან…

…ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული და მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ და ვაკეთებთ ამ მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში. მაგრამ ეს არ არის, რა თქმა უნდა, საკმარისი. ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.