პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ოპოზიციის შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უპასუხეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ღარიბაშვილი განსაკუთრებული აგრესიითა და ზიზღის ენით გამორჩეული ფიგურაა. მისი თქმით, პრემიერობის კანდიდატმა დაადასტურა, რომ მისი მთავარი პოლიტიკა ოპონენტების დევნა იქნება.
„ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკა ხელს არ უწყობს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი განიმუხტოს მოლაპარაკების გზით…
იგი ღიად უწოდებს პოლიტიკურ ოპონენტებს ყველა იმ სიტყვას, რომელიც მიუღებელია თანამედროვე ცივილიზაციისა და დემოკრატიისთვის. იგი ღიად უხდის მადლობას ივანიშვილს მართლმსაჯულებაში ჩარევისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ღიად უწოდებს კრიმინალებს იმ ადამიანებს, რომლებიც იცავენ თავისუფალ სიტყვას“, – აცხადებს დეკანოიძე.
ხატია დეკანოიძემ მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს რომ „ქვეყნის თავზე დენთის კასრის დაკიდება“ არავის ეპატიება.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ძალისმიერ ნაბიჯებს გადადგავს, ამით ქვეყანას და თავიანთ მმართველობას დაღუპავს.
„მათი ვალდებულებაა, რომ გადმოდგან ნაბიჯი დიალოგისკენ, ვადამდელი არჩევნებისკენ სვლის საკითხზე, პოლიტდევნის დასრულებისკენ ანუ ნორმალიზაციისკენ“, – განაცხადა ბოკერიამ.
„მაშინ, როცა ხელისუფლება ეპატიჟება ვიღაცას და ვიღაცას მიუღებლად თვლის, ეს ართულებს მოცემულობას, მიუხედავად ამისა მოთხოვნები მათთვის არის ცხადი, ვინაიდან ეს არის საერთო ოპოზიციური მოთხოვნები“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა.
„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ შერიგებას ხელს უშლის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან ჩხუბის სურვილი.
„არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს ამ ორ პარტიას შორის. ამ ორ პარტიას უბრალოდ ჩხუბი უნდა და ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც შერიგებას ხდის შეუძლებელს. სინამდვილეში 4-ვე პუნქტი დაძლევადია ისე, რომ ერთმანეთის სახე იყოს შენარჩუნებული. ვინაიდან არც ერთმა სხვა თამაში გარდა ერთმანეთთან ჩხუბისა არ იცის, ორივენი მოწადინებულები არიან იჩხუბონ და ახალ-ახალ მიზეზებს პოულობენ ყოველდღიურად საჩხუბრად,“ – განაცხადა ხვიჩიამ.
ირაკლი ღარიბაშვილს ფრაქციის ფორმატში დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მოუსმინა. მოხსენებაში პრემიერობის კანდიდატმა დიდი დრო დაუთმო „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას.
დღესვე საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებას.