„ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, უწესობაა მაშინ, როცა მთელი ჩემპიონატის სპონსორია “კოკა-კოლა”. მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას “კოკა-კოლას” და ვინ არის რონალდუ ელვის პრესლისთან? ნული. მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარია”,- ამბობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია “ბიზნეს ფორმულასთან” საუბარში. იგი “კოკა-კოლას” ფრანჩაიზს ფლობს.
14 ივნისს პორტუგალიის ეროვნული ნაკრების პრესკონფერენციაზე, რომელიც უნგრეთთან თამაშამდე გაიმართა, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდუმ მაგიდიდან Coca-Cola-ის ბოთლები გვერდით გადადგა და წყლის ბოთლი დაიტოვა. მან ხალხს მოუწოდა, რომ დალიონ წყალი.
The Guardian-ის ინფორმაციით, მომხდარს დაემთხვა Coca-Cola-ის აქციების 4 მილიარდი დოლარით შემცირება. გამოცემის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს ამ ჟესტის შემდეგ Coca-Cola-ის საბაზრო ღირებულება 242 მილიარდი დოლარიდან 238 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
მომდევნო დღეს კომპანიამ განაცხადა, რომ „ყველას აქვს უფლება დალიოს ის, რასაც უპირატესობას ანიჭებს, თავისი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით“. Coca-Cola ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ოფიციალური სპონსორია.