მიტანის სერვისებისთვის მანქანებით გადაადგილება დაშვებულია - მთავრობის ადმინისტრაცია

პუბლიკა

მთავრობის მიერ შემოღებულ საავტომობილო შეზღუდვასთან დაკავშირებით სწრაფი მიტანის სერვისებმა Wolt-მა, Glovo-მ და Menu.ge-მ თავიანთ facebook-გვერდებზე განცხადებები გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ 22 აპრილიდან 27 აპრილამდე მათ პარტნიორ კურიერებს შეეზღუდათ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების უფლება.

„პუბლიკამ“ მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს და ახალი შეზღუდვის  მიზეზი იკითხა. მათი განმარტებით, „გლოვოს“, „ვოლტისა“ და სხვა მსგავსი კომპანიებისთვის მიტანის სერვისების მანქანებით გადაადგილება დაშვებულია და ინფორმაცია მანქანებით გადაადგილების აკრძალვის შესახებ არასწორად იყო აღქმული.

როგორც „პუბლიკას” კომპანია „ვოლტში” განუცხადეს, ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის შესახებ მათ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. დღეს კი, ისევ დაუკავშირდნენ და დაუდასტურეს, რომ ავტომობილებით საკურიერო მომსახურების განხორციელების უფლება აქვთ.

პრემიერის მრჩეველმა და პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღეს ბრიფინგზე განმარტა, რომელ სფეროში მომსახურე პირებს არ ეხება ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა. მის ჩამონათვალში შედიოდა – საკვები პროდუქტების, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული სერვისების მიტანის სერვისები. შორის იყო – საფოსტო და საკურიერო მომსახურებაც.