მიტროპოლიტ იოანე გამრეკელისა და დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგება შესაძლოა ქვეყანაში ანტისემიტიზმის გაძლიერების საფრთხეს ქმნიდეს – ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველი ეხმაურება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელისა და ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგების გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რაც შესაძლოა, ქვეყანაში ანტისემიტიზმის გაძლიერების საფრთხეს ქმნიდეს.

სახალხო დამცველის განცხადებით, ქვეყანაში ანტისემიტური მოსაზრებების გავრცელება საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ებრაელი ხალხის თანასწორუფლებიანობას და ამასთან, წარმოაჩენს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი დანაშაული –  ჰოლოკოსტი და მისი გამომწვევი წინაპირობები სათანადოდ არ არის გააზრებული.

„აუცილებელია, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული ანტისემიტური რიტორიკა არ დარჩეს მხოლოდ ცალკეული პიროვნებების განხილვის საგნად და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყოველი საჭიროების შემთხვევაში, ანტისემიტური განწყობების განვითარების თავიდან აცილების მიზნით, საჯარო და მკაფიო განცხადებებით, დაუყოვნებლივ დაგმონ ნებისმიერი სახის ანტისემიტური დამოკიდებულება და გამოხატონ მხარდაჭერა ებრაელი ერის მიმართ, რაც, მათ შორის, ანტისემიტიზმის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია განცხადებაში.