მიტროპოლიტი გრიგოლი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყდეს „სადავო კანონპროექტის" მიღება

პუბლიკა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ხელისუფლებას „სადავო კანონპროექტის” მიღების პროცედურების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ „ესკალაცია, რაც შეიძლება ამ დაძაბულობას მოჰყვეს” საკმარისი არგუმენტია მისი განხილვის შესაჩერებლად.

ის აღნიშნავს, რომ ეს იქნება „გაბედული და დიდსულოვანი” ნაბიჯი, რაც გზას გაუხსნის სამოქალაქო მშვიდობას და ქვეყანას ესკალაციის საფრთხეს თავიდან ააცილებს.

„ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება საქართველოს პარლამენტში და მის ირგვლივ, ის, რაც ამ დაძაბულობის ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა საიმისოდ, რომ შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები, რამაც შექმნა უკიდურესი დაძაბულობის საფუძვლები ქართულ საზოგადოებაში.

მიმაჩნია, რომ ეს გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯი გაუხსნის გზას სამოქალაქო მშვიდობას, ხოლო ჩვენს სამშობლოს ააცილებს იმ საფრთხეს, რასაც დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში უკიდურესად გაღიზიანებული მტერი რევანშისთვის გამოიყენებს და შექმნილ ვითარებაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას; მაშინ კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ვეღარ დაიხსნიან ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოს.

პატივცემულო ხელისუფლების წარმომადგენელნო, მდაბლად მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით:

თქვენ შეგიძლიათ ამ სახიფათო დაძაბულობის განმუხტვა და შესაძლო მძიმე შედეგების აცილება ჩვენი შვილებისა და სრულიად საქართველოსთვის.
მჯერა, თქვენ შეძლებთ დაძლიოთ პიროვნული წყენები! მჯერა თქვენი ქრისტიანული დიდსულოვნებისა”, – წერია განცხადებაში.