მიტროპოლიტი ნიკოლოზი „ოცნების“ ინიციატივაზე: წინასაარჩევნო პროგრამაა

პუბლიკა

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზის განცხადებით მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილია.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ადამიანების გულს მოიგებს.

„ვინც არ უნდა დამალოს და შეფუთოს სხვანაირად, ორი აზრი არ არის, რომ ეს [ქართული ოცნების ინიციატივა] წინასაარჩევნო შემოთავაზეება, წინასაარჩევნო პროგრამაა. ეს არის გადმოდგმული ნაბიჯი მართლმადიდებელი ეკლესიისა და მრევლისაკენ. თავიდან ეს ნაბიჯი კარგად არ იყო მოფიქრებული, თუმცა ახლა შედარებით გამოსწორდა სიტუაცია.

რა თქმა უნდა, ეს შეთავაზება ადამიანების გულს მოიგებს. მე სინოდის წევრებს შევთავაზე, რომ ეს არ ზღუდავს სხვა პარტიებსაც მათაც გადადგან სხვა ნაბიჯები – ეცადონ ადამიანების გულის მოგება”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

დღეს საქართველოში ოფიციალური სახელმწიფო რელიგია არ არსებობს.

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესაძლოა იყოს ის, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ 20 აგვისტოს განცხადებაში მიუთითა.

„არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგიზიარებთ”, – წერია მმართველი პარტიის 20 აგვისტოს განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქოში ეს საკითხი რამდენჯერმე განიხილეს.

საქართველოს სახელმწიფოსა და  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც 2002 წელს გაფორმდა და რომლის თანახმადაც, „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით“.