კომპანია „საქნახშირის“ საკონსულტაციო საბჭომ განიხილა გაფიცულ მეშახტეთა მოთხოვნები. დირექტორთა საბჭოს თვამჯდომარე მიხაილ სოცკი მედიასთან აცხადებს, რომ დირექტორთა საბჭოსთვის მიუღებელია დასაქმებულთა მიერ თავიანთი მოთხოვნების გაჟღერების ფორმა.
„მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები უკვე დიდი ხანია განხილვის პროცესშია და მათზე პასუხი 100%-ით გადაწვეტილია. საკონსულტაციო საბჭო უკვე ემზადებოდა ამ საკითხების განხორციელებისთვის. არ არის ისეთი საკითხები, რომელზეც საკონსულტაციო საბჭოს პასუხი არ აქვს. კითხვებს არა მარტო პასუხები გავეცით, არამედ მათი განხორციელებაც დაწყებულია.
საბჭოსთვის და მისი წევრებისთვის მიუღებელია არა მოთხოვნები, არამედ ამ მოთხოვნების გამოხატვის ფორმა. ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერი საკითხისა და სადაო თემის გადაწყვეტა მოლაპარაკების ფორმით, მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა მიხაილ სოცკიმ.
სოცკი ამბობს, რომ არ ფიქრობენ ხელფასი გარკვეული ფიქსირებული თანხით გაიზარდოს, მისი თქმით, არსებობს პრემიების და ბონუსების სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, პრემიები ზოგჯერ მოთხოვნილ 300 ლარზე მეტიც იყოს.
„ის ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ სამუშაოს შესრულებაზე, არღვევენ უსაფრთხოების წესებს და მერწმუნეთ, ასეთი შემთხვევა საკმაოდ ბევრია – იყო შემთხვევა, როცა არ იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილზე, ეძინათ სამუშაო ადგილზე, ან საერთოდ აცდენენ და შემდეგ უფასო შვებულებას აფორმებენ, ამიტომ შეიქმნა სპეციალური სისტემა და ვინც სრულყოფილად ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, მათზე გაიცემა პრემია და მიიღებენ ბონუსებს. ეს მათ მისცემს საშუალებას, მნიშვნელოვნად გაზარდონ თავისი შემოსავალი,“- განაცხადა სოცკიმ.
„საქნახშირის“ საპასუხოდ პროფკავშირების წარმომადგენელი გაგა ისაკიძე ამბობს, რომ მეშახტეების გაფიცვა კანონიერია. ის ურჩევ მეშახტეებს, გამოჰყონ წარმომადგენლები, რომლებიც კომპანიასთან დიალოგზე დასხდებიან.
დღეს დილით, 06:00 საათიდან, ტყიბულში, წარუმატებელი მედიაციის შემდეგ, შპს „საქნახშირის“ მოძრაობის უბნის თანამშრომლები გაიფიცნენ.
„გაფიცვა მოძრაობის უბნის და ზედაპირული კომპლექსის 400-მდე თანამშრომელს მოიცავს და ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ – როგორც თავად ამბობენ, ამჟამად მათი ხელფასი შეადგენს 450-800 ლარს (პოზიციების მიხედვით), რაც მათი თქმით შესრულებული სამუშაოს სიმძიმისა და სამომხმარებლო პროდუქტებზე დღეს არსებული ფასების შესაბამისი არ არის“, – წერია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთ-ერთი მეშახტე, ბესიკ სეფერთელაძე ეუბნება, ისინი 4 თევა, ხელფასის მატებას უშედეგოდ მოითხოვენ, რადგან 500 ლარით ოჯახის შენახვა უჭირთ.