მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მოსამსახურეების საქმეები ჩვენთან არ ინახება, ჩვენ, სამხედრო პოლიციამ დავიწყეთ მაინც მოკვლევა, რომ დავაზღვიოთ ანალოგიური რისკები, ჩვენ ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ჯარისკაცების პერსონალურ ინფორმაციას, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. ბურჭულაძის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.
მინისტრის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები, სახელმწიფოსთვის დესტრუქციის მოწყობას ემსახურება.
„ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს ჩვენ დავხურეთ ისეთი ინფორმაციაც კი, რომელიც შეიცავდა ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობას და ა.შ. ჩვენ ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ჯარისკაცები პერსონალურ ინფორმაციას. თუმცა, ჩემი აზრით, ეს კამპანია არის პროვოცირებული ჩვენი ოპოზიციური მედიის. ამ კვირას სამ ადამიანს მივანიჭე გენერლობა, ერთ-ერთი მათგანი, კახა ტაბატაძე, ომის დროს ასრულებდა პირველი ბრიგადის მეთაურის მოვალეობას, იყოს არტილერიის ბატალიონის მეთაური. ჯარი ზოგადად ისეთი სტრუქტურაა, სადაც არიან დიდი ხნის განმავლობაში და ეტაპობრივად მიმდინარეობს დაწინაურება. ჩვენ არ მოგვიყვანია აქ ჯარისკაცები, ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ, არ უნდა შეეხოთ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს გმირებს. ეს არის ორგანიზებული პროვოკაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
უკრაინაში ე.წ. ლუჰანსკის სახალხო მილიციის პრესსამსახურმა გაავრცელა პროპაგანდისტული ვიდეომასალა, სადაც ოკუპირებულ ლისიჩანსკში, მათი მტკიცებით, „უკრაინელი ნაცისტების საწვრთნელი ბაზა“ იპოვეს. ვიდეოკადრებში კი მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე ჩანს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ნიშნები აქვს.
როგორც კადრებიდან ჩანს, პირადი საქმის მიხედვით, მიხეილ ქამხაძე უკვე სამხედრო ვეტერანია. კადრებში ჩანს მისი პირადი ინფორმაცია, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გავლილი სწავლებების დამადასტურებელი სერტიფიკატებისა და სხვა დოკუმენტების ასლები.
მიხეილ ქამხაძე, რომელიც ახლა უკრაინაში მსახურობს, თავისი პირადი საქმის საოკუპაციო ძალების ხელში აღმოჩენის შესახებ „მთავარ არხს“ ესაუბრა. ქამხაძე ამბობს, რომ პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროს არქივში იყო დაცული და ვარაუდობს, რომ ის რუსულ მხარეს სწორედ არქივიდან გადასცეს.