„ვრცელდება უამრავი ვიდეო და ფოტომასალა უკრაინაში, ბუჩაში, რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან“, – საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
„მიუხედავად ომის სასტიკი „კანონებისა“, მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას.
გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და მწუხარება იმ ტრაგედიის გამო, რაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის ვითარებაში ხდება, განსაკუთრებით მძიმეა მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ხილვა“, – ამბობენ საპატრიარქოში.
3 აპრილს, კიევის ოლქში, გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში შესულმა უკრაინელმა სამხედროებმა ქუჩებში დახოცილი, ხელფეხშეკრული ადამიანების ცხედრები, ასევე, სარდაფებში მოკლული, დამწვარი ბავშვები და ქალები ნახეს. უკრაინულმა მხარემ ბუჩაში მომხდარი სისასტიკის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალაც გაავრცელა. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ბუჩაში 410 ცხედარი იპოვეს.