მიუხედავად ყველაფრისა, მოვა არჩევნები და იქ ვნახავთ ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში ტურიზმის სექტორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ჟურნალისტებმა გახარიას უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების შეფასება სთხოვეს. შეკითხვა დაისვა გიორგი რურუას გათავისუფლებასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზეც.

„მმართველ გუნდს ბოლომდე აქვს გააზრებული პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩატარდეს და ის შედგება. ჩემს კონკრეტულ პოზიციას რაც შეეხება, მოგახსენებთ, რომ, ჩემი აზრით, ის საარჩევნო სისტემა, რომელზეც შეთანხმება მოხდა, არის ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი. პროპორცული საარჩევნო სისტემა აუცილებელია პოლიტიკური სისტემის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის. რაც შეეხება სხვა ყველაფერს უბრალოდ პოლიტიკური სპეკულირებაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას არაფერი ემუქრება.

„საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ნატოსთან თანამშრომლობას ვერაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეების 70%-ზე მეტის გადაწყვეტილება ერთსულოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ოჯახის წევრი უნდა გახდეს. ეს ქვეყანა და ეს მთავრობა ამისთვის აკეთებს ყველაზე მეტს, ვიდრე აქამდე გაკეთებულა“, – განცხადა გახარიამ.

გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე დასმულ შეკითხვას კი უპასუხა, რომ მისთვის ეს მიუღებელია, თუმცა შეწყალება პრეზიდენტის კომპეტენციაა.

„ამ შეწყალებასთან დაკავშირებითაც – ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, რომ ადამიანი, რომელიც უბრალოდ შტურმით მიდიოდა პარლამენტზე და რომელმაც 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ვითომ პოლიტიკოსები არიან, დაიმსახურეს შეწყალება, ეს ჩემთვის მძიმეა.

კარგად მესმის რიგითი მოქალაქეების გაბრაზება, რომლებიც უყურებენ პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც იმის გამო, რომ პოლიტიკოსის მანტია მოისხეს, ასეთი მძიმე კონკრეტული კრიმინალური დანაშაულის შემდეგ შეიწყალეს. მაგრამ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს შეწყალების სრული უფლება აქვს და ეს მისი სრული კომპეტენციაა. ჩემთვის ამაზე საუბარი დღეს არის მეორე ხარისხოვანი და რატომ? არავის გეგონოთ, რომ კოვიდი დამარცხებულია; არავის გეგონოთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება გარანტირებულია. ეს ასე არაა. მსოფლიოში სისტემური  სახელმწიფოები დღეს ხან მეორე ტალღას გვიანონსებენ, ხან მესამეს. გაურკვევლობა ამ გლობალური კრიზისის  ყველაზე დიდი მახასიათებელი კომპონენტია. ამ პროცესში ჩვენი პასუხისმგებლობა ათმაგდება“, – განცხადა გახარიამ.

მისი თქმით, არჩევნებზე გამოჩნდება, რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ რა დაიმსახურა მოქალაქეებისგან.

„სამწუხარო იცით რა არის, რომ ის ბატონები, რომლებმაც კონკრეტული კრიმინალური დანაშაული ჩაიდინეს და არაფრით განსხვავდებიან რიგითი მოქალაქეებისგან, როცა გამოვიდნენ ,იმის მაგივრად რომ მოქალაქეებს დაუდგნენ გვერდზე და ყველამ ერთად ქვეყანაზე ვიზრუნოთ, აი, ამასაც გამოიყენებენ პოლიტიკური სპეკულირებისთვის და იმისთვის, რომ პარლამენტში თბილი ადგილისთვის იბრძოლონ და საბოლოოდ ამას ყველაფერს გამოიყენებენ პოლიტიკური ვიწრო ინტერესებისთვის. მაშინ, როცა ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ ყველამ ამ ქვეყანას მოვუაროთ. ჯერ კოვიდი დავამარცხოთ და ადამიანებს შემოსავალი აღვუდგინოთ. და პოლიტიკურად, მერწმუნეთ, ქართველი კაცი ბრძენია, მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, რა შეფასებებიც არ უნდა იყოს, აგერ მოვა არჩევნები და იქ ვნახავთ, ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან“, – განცხადა გახარიამ.