მიუნხენის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტთან აღინიშნა, რომ ანგარიში ეყრდნობა ანგაჟირებულ ინფორმაციას - საგარეო

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაისას მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კონფერენციის ანგარიში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქადაა მოხსენიებული, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

უწყების ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში ობიექტური ინფორმაციის გავრცელების კუთხით ითანამშრომლებენ.

„მინისტრმა ხაზი გაუსვა, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს გლობალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული გამოწვევებზე მსჯელობის ეფექტიან საერთაშორისო ფორუმს, საქართველოს სათანადოდ წარმოჩენის მნიშვნელობას, რასაც კონფერენცია ყოველთვის უწყობდა ხელს.

ამ კონტექსტში საუბარი შეეხო კონფერენციის 2024 წლის ანგარიშს. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ანგარიში, ეყრდნობა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ინფორმაციას.

მხარეები შეთანხმდნენ მჭიდროდ ითანამშრომლონ მომავალში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელების კუთხით.

როგორც კონფერენციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დაინტერესებულია საქართველოს მთავრობასთან შემდგომი თანამშრომლობით, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.


მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ყოველწლიურად მზადდება, მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული. ანგარიშში საუბარია, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი ივანიშვილია.