მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია მონაწილეობენ

პუბლიკა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია მონაწილეობენ.

კონფერენცია ხვალ, 14 თებერვალს გაიხსნება და 16 თებერვალს დაიხურება.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის გუნდის ცნობით, ის მონაწილეობას მიიღებს უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ის დელეგაციასთან.

მიუნხენში დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

სალომე მიიღებს მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: „საქართველო ყურადღების ცენტრში“ და „რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

ის მიუნხენში შეხვდება ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც.

სალომე ზურაბიშვილის გარდა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს გიორგი გახარიაც.

პარტიის „გახარია-საქართველოსთვის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, კონფერენციის ფარგლებში გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში, სადაც ის ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე.

ასევე, ექნება პირისპირ, ორმხრივი შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან, ამერიკულ და ევროპულ წამყვან ანალიტიკურ ორგანიზაციებთან.

პრესრელიზის თანახმად, გიორგი გახარიას მთავარი გზავნილები საქართველოს პარტნიორებთან, უპირველეს ყოვლისა, შეეხება უკანონო პოლიტიკური პატიმრების დროულად გათავისუფლების მოთხოვნას და საქართველოს დროულ დაბრუნებას ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზაზე, რაც მხოლოდ და მხოლოდ შეცვლილ საარჩევნო გარემოში ახალი არჩევნების გზითაა შესაძლებელი.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში არ მონაწილეობს „ქართული ოცნება”. ისინი ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად არ მიუწვევიათ.

„რომც გვქონდეს მოსაწვევი, ვერ წავალთ”, – გვითხრა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, თუმცა, დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კონფერენციაა საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკისთვის. 1693 წლიდან ყოველწლიურად აქ თავს იყრიან პოლიტიკური, სამხედრო, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგდოების ლიდერები და გლობალური უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებს განიხილავენ.