„ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას აშშ-ის მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით მიმართა შეკითხვით, მიუთითა თუ არა ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს, გაუყინოს ანგარიშები ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, ზურაბ მახარაძესა და კონსტანტინე მორგოშიას.
„გასცა თუ არა მითითება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისადმი ზემოთ აღნიშნული პირების საბანკო ანგარიშების გაუქმების (გაყინვის) შესახებ?“, – აღნიშნულია დეპუტატის შეკითხვაში.
ნათია თურნავას მიერ დეპუტატისთვის გამოგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ ცნობები, აგრეთვე, მესამე პირების შესახებ ცნობები შეიძლება, გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამავე პასუხის მიხედვით, ეროვნული ბანკის უფლებამოსილებაში არ შედის კონკრეტულ პირებთან/ანგარიშებთან დაკავშირებული მითითებები.
„ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სანქციათა რეჟიმების დარღვევის/გვერდის ავლის რისკის შეფასება უნდა მოახდინოს თავად ფინანსურმა ინსტიტუტმა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელებასა და სხვა ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას, მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია“, – აღნიშნულია წერილში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი წერს, რა მექანიზმები და ვალდებულება აქვს ბანკს საერთაშორისო სანქციების შესასრულებლად.
„გასათვალისწინებელია, რომ სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის 26 თებერვლის მითითებით საქართველოში მოქმედ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს დაევალათ დაიცვან რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოთხოვნები. აღნიშნული რეჟიმები მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის (USA, EU, UK) მიერ დაწესებულ სანქციებს. აღნიშნული მითითებით გათვალისწინებული და სანქციებთან დაკავშირებით გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ ვალდებულებები ასევე განსაზღვრულია „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით, რომელიც ამოქმედდა 2023 წლის 9 აგვისტოს.
სანქციათა რეჟიმებთან შესაბამისობის პროცესის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარდა რიგი ღონისძიებები, გაიცა წერილობითი მითითებები, შემუშავდა და დამტკიცდა ნორმატიული აქტები/სახელმძღვანელოები, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №273/04 ბრძანებით დამტკიცდა „მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) შეტყობინების სკრინინგის წესი“, რომელიც ადგენს SWIFT შეტყობინებების სკრინინგის ერთიან მიდგომას, მითითებას აკეთებს სიებზე, რომელთა მიმართებით სავალდებულოა SWIFT შეტყობინებების სკრინინგის განხორციელება და ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
დამატებით, აღსანიშნავია, რომ ფინანსური სექტორის წარმომადგენლების ადგილზე და დისტანციური შემოწმების დროს, საქართველოს ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მათ შესაბამისობას საერთაშორისო სანქციებთან. მოწმდება ფინანსური სექტორის წარმომადგენლის მიერ სანქცირებული პირების გამოვლენისა და ტრანზაქციების შესწავლის საკითხი, ასევე, საერთაშორისო სანქციების დაცვის კუთხით შემუშავებული და დანერგილი კონტროლის მექანიზმები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით“, – აღნიშნულია წერილში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 4 პირს, მათ შორის არიან პრორუსული, ძალადობრივი მოძრაობის ,,ალტ-ინფოს” ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.
გარდა ამისა, სანქციები შეეხოთ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილსა (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს.
სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს პირები სანქცირდებიან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო.
ამასთან, ნათქვამია, რომ კანონის მიღებამდე გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების ძალადობრივი ქმედებების სამიზნეები იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, აქტივისტები, ჟურნალისტები და ოპოზიციის წევრები – ამ ყველაფერს კი ხელმძღვანელობდნენ ზვიად ხარაზიშვილი და მილერი ლაგაზაური.
რაც შეეხება ზურაბ მახარაძესა და კონსტანტინე მორგოშიას, დეპარტამენტის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისინი აორგანიზებდნენ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებზე ძალადობრივ თავდასხმებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსტანტინე მორგოშია დამფუძნებელია ალტ-ინფოსი, რომელსაც იყენებს დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გასავრცელებლად.
„2021 წლის ივლისსა და 2023 წელს ის მხარს უჭერდა ძალადობრივ თავდასხმებს იმ მარგინალიზებული ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს”.
ზურაბ მახარაძეზე კი ნათქვამია, რომ იმავე წლებში ის პირადად მოუწოდებდა უმცირესობის ჯგუფებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისკენ და მონაწილეობდა ამის ორგანიზებასა და მართვაში.