ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით მიღწეულია კონსესუსი.
„კონსულტაციების შედეგად ჩვენ მივედით კონკრეტულ გადაწყვეტამდე – მომდევნო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ დაასრულონ ძალიან კარგი პროექტი – ახალი შენობა, მთლიანი ინფრასტრუქტურა, მოახდინონ მისი სრული აღჭურვა. ორი წლის შემდეგ ზუსტად, 2026 წლის პირველ იანვარს ამოქმედდება წესი, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება დამოკიდებული იქნება საქართველოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ ადამიანების რაოდენობის ნამრავლი 64-ზე. დღევანდელი მოცემულობით თუ ავიღებთ წინა წლის დასაქმებულთა რაოდენობას, ეს მთლიანად ფარავს მიმდინარე საოპერაციო ხარჯებს, “- თქვა მან.
მისი თქმით, ასევე, კანონში დაზღვევის სახით იწერება ისიც, რომ შემცირების შემთხვევაში, ანუ თუ დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ამას ავტომატურად არ მიჰყვება და არ შემცირდება.
15 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა, კანონპროექტით უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული ფორმა, რომელიც ითვალისწინებს მაუწყებლის დაფინანსებას „მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით“.