„მივცემ დეტალურ ჩვენებას“ | მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში მისვლას გეგმავს

პუბლიკა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. ჟურნალისტი საქართველოს გენერალურ პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას გეგმავს.

აფგან მუხთარლი ამბობს, რომ მისი საქმე პოლიტიკურია და გატაცების შესახებ ყველაფერს დეტალურად მოუყვება გამოძიებას.

„ჩემი საქმე, როგორც გამიტაცეს დედაქალაის ცენტრიდან, ყველამ იცის დეტალურად დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, დამთავრებული საგარეო საქმეთა სამინისტროთი და აღარ ჩამოვთვლი.

ეს არის სუფთად პოლიტიკური საქმე, თავიდანვე ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა,  მათ შორის პოლიციამ. მოლოდინი, რომ  ჩემი ჩვენების შემდეგ რამე შეიცვლება არ მაქვს. მივცემ დეტალურ ჩვენებას, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. საკმაოდ საეჭვოდ მეჩვენება ჩემი საზღვართან შეყოვნებაც. დღეს დილით მესაზღვრეებმა 2 საათით შემაყოვნეს, არ მიშვებნენ ქვეყანაში. ხვალ მივარ გამოკითხვაზე, ვნახოთ რა იქნება, “- ამბობს ჟურნალისტი.


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს, საღამოს, თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. აზერბაიჯანში მას ბრალად წაუყენეს საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა.

აფგან მუხთარლი ამბობდა, რომ ის პოლიტპატიმარია და აზერბაიჯანის მთავრობა როგორც ჟურნალისტს დევნიდა. ის ასევე ამბობდა, რომ მისი გატაცების საქმეში მონაწილეობდა როგორც აზერბაიჯანის ისე საქართველოს ხელისუფლება.

ჟურნალისტის მხარდამჭერი აქციები თბილისში მთავრობის კანცელარიასთან იმართებოდა. აზერბაიჯანში მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.  ჟურნალისტი სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს გათავისუფლდა, რის შემდეგაც გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა.