მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ – შენგელია მოსკოვის ცსკა-ში გადასვლაზე

პუბლიკა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი გახდა. მან ამ საკითხზე ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ გააკეთა კომენტარი.

„კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის ნებისმიერ გუნდში თუ იქნება, რა თქმა უნდა, დაინტერესება. საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი მექნება,  სერიოზულ და მნიშვნელოვან გუნდში, სადაც ისეთ პოზიციაზე ვიქნებით, რომლიდანაც შეგვეძლება ვიასპარეზოთ ევროლიგის ჩემპიონობისთვის, აქედან გამომდინარე, ეს ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს. მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არც ერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ, “- ამბობს თორნიკე შენგელია.


თორნიკე შენგელიას მოსკოვში გადასვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვეა ვრცელდება, თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს საქართველოს კალათბურთის ფედერაციას. თავად თორნიკე შენგელიამ განაცხადა, რომ კლუბიდან სერიოზული შეთავაზება ჰქონდა და მისი აგენტი აწარმოებდა მოლაპარაკებას მათთან.

კალათბურთელი 2012-14 წლებში NBA-ში გამოდიოდა. ის, ასევე, „ბრუკლინისა“ და „ჩიკაგოს“ მოთამაშე იყო, 2014 წლიდან კი ბასკურ კლუბში თამაშობდა.