პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ აქციის მონაწილეებს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გააცნო.
ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლონ ცესკოს შენობასთან და დარჩნენ იქ მანამდე, სანამ არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები.
„8 საათამდე ხელისუფლებას ჰქონდა დრო რომ წამოსულიყვნენ კომპრომისზე. ისინი გამოვიდნენ კონტაქტზე, ეს კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და კერძოდ, თალაკვაძე-კობახიძეს შორის. ბოლო ინფორმაციაა, რომ ხვალ იქნებ დავილაპარაკოთ. მაშინ, როდესაც აქ დგას მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია, დღეს დაგველაპარაკოს.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას ახლა სჭირდება აღსრულება. ეს ბრძოლა შეიძლება იყოს ერთდღიანი, შეიძლება ორდღიანი ან უფრო მეტი, მაგრამ შეუწყვეტელი იქნება, არ იქნება ინტერვალი ბრძოლებს შორის. ანუ ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში. ჩვენ ახლა ყველამ ერთად უნდა გადავინაცვლოთ და დავრჩეთ ცესკოსთან, კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას, ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვერავინ იქედან ვერ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ხალი არჩევნები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა აქციაზე სამი ძირითადი მოთხოვნა გაახმოვანეს:
- ხელახალი და თავისუფალი არჩევნები;
- უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით;
- პოლიტპატიმრების გათავისუფლება.