მივესალმები, რომ კითხვარი არის საჯარო, მთავრობაზეა დამოკიდებული, პასუხებს გამოაქვეყნებენ თუ არა – ჰარცელი

პუბლიკა

„თამაშის წესები ახლა არის შემდეგი, ეს სრულიად დამოკიდებულია მთავრობაზე და არის მისი გადაწყვეტილება, გამოაქვეყნებენ თუ არა ორივეს, როგორც კითხვარს, ასევე პასუხებს. მე მივესალმები იმას, რომ კითხვარი გამოქვეყნდა, არის საჯარო; ეს მთავრობაზეა დამოკიდებული, პასუხებს გამოაქვეყნებენ თუ არა. რაც შეეხება ევროკავშირის მხარეს, როდესაც იქნება უკვე ოფიციალური დასკვნა, ის, რა თქმა უნდა, იქნება საჯარო“, – ასე უპასუხა ეროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხები არ არის საჯარო.

„დიდი პატივი მერგო, რომ მივიღე ეს პასუხი ჩვენს კითხვარზე გუშინ პრემიერ-მინისტრისგან. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვარზე პასუხების მეორე ნაწილს ასევე დროულად მოგვაწვდიან. მინდა, აღვნიშნო, რომ ეს დროის ხაზი სწორად და კარგად იყო დაცული.

რაც შეეხება თვითონ პროცესს, ის არ არის როგორც 100-მეტრიანი გარბენის პროცესი; ამას სჭირდება დრო და აქ მთავარი არის არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი, ასევე ევროკომისიისგან იქნება ძალიან ობიექტური შეფასება ამ კითხვარისა, მთავარი იქნება თუ საქართველოს მისწრაფება რამდენად შეესაბამება  ევროკავშირის ღირებულებებს, ასევე სხვადასხვა კრიტერიუმებს, ეკონიმიკურის ჩათვლით. კომისის დასკვნას საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით, სადღაც ერთი თვის მერე უნდა ველოდოთ“, – განუცხადა ჰარცელმა ჟურნალისტებს.

2022 წლის 29 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის კითხვარზე, ქვეყნის სახელით, მომზადებული პასუხების გასაჯაროებაზე უარი განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პასუხები შეიცავს საკითხებს, რომელთა გასაჯაროება არ არის მიზანშეწონილი.