„მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას. ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის“, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წერილს.
„სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კანონით სათანადოდ უზრუნველყოფილია, პირველ რიგში, მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი უნდა იბრძოდნენ, ხმას იმაღლებდნენ სწორედ მაშინ, როცა ამ სიკეთეს თავს ესხმიან. ამიტომაც მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას. ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის…“, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.
დღეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ის ადასტურებს, რომ აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან ამოიღო. ასევე ის აცხადებს, ნიკა გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ მას შეხვდა საელჩოს წარმომადგენელი, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, რატომ მიიღო გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი.
20 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა, აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში აღარ გაემგზავრება.
მედიის ცნობით, მოსამართლის პროგრამიდან მოხსნის საკითხზე ჟურნალისტებმა ელჩ დეგნანთან შეხვედრაზე, 18 მაისს ისაუბრეს.
28 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ რაც „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის პროგრამიდან მოხსნეს, ამერიკაში არც სხვა 5 მოსამართლე გაემგზავრა.
ამერიკის საელჩომ თემასთან დაკავშირებით ერთი განცხადება გაავრცელა.