კინოაკადემიამ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის – „მოთვინიერების“ სეანსები გააუქმა – ინფორმაცია სალომე ჯაშმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, კინოჩვენების გაუქმების მიზეზი ფილმის შინაარსი გახდა. „კინოს სახლში“ ბოლო ჩვენება დღეს, 28 აპრილს გაიმართება.
„პუბლიკა“ კინოაკადემიის ხელმძღვანელს, მინდია ესაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან დამატებითი კითხვებზე არ გვიპასუხა და გვითხრა, რომ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემული კომენტარით გვეხელმძღვანელა. ესაძე ადასტურებს, რომ სეანსები ფილმის შინაარსის გამო გაუქმდა:
„მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფილმი გახლავთ პოლიტიკურად მოტივირებული, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების გაღიზიანება პოლიტიკური ნიშნით. ააიპ საქართველოს კინოაკადემია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ღონისძიებებს, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს მხოლოდ ორი საპრემიერო ჩვენება და კინოაკადემიის ლურჯი კინოდარბაზი არ იქნას გამოყენებული პოლიტიკურ ტრიბუნად“ – უთხრა ესაძემ „რადიო თავისუფლებას“.
კითხვაზე, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება კულტურის სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად მიღებული, კინოაკადემიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არანაირი კომუნიკაცია სამინისტროსთან არ ყოფილა ამ თემაზე.
„ააიპ „საქართველოს კინოაკადემია“ გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი ორგანიზაცია” – აცხადებს კონსტანტინე ესაძე.
„მოთვინიერების“ ჩვენება 29 აპრილს, 5-6 და 12-13 მაისსაც იყო დაგეგმილი. გაყიდული ბილეთებიდან შესული თანხა უნდა გადარიცხულიყო ფონდში – DOCU/HELP იმ კინემატოგრაფებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას დოკუმენტურად ასახავენ.
სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა 31 იანვარს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ასევე, სურათი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სექციაში „ფორუმი“ 17 ფილმს შორის მოხვდა. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე.
„მოთვინიერებაში“ ბიძინა ივანიშვილის ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესია აღბეჭდილი.