სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლს ფაშინიანის განცხადებით, მან რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ფაშინიანის თქმით, ხელმოწერილი შეთანხმების შესახებ მოგვიანებით ვრცლად ისაუბრებს, თუმცა მისთვის „შეთანხმების ტექსტი დაუჯერებლად მტკივნეულია“.
„ძვირფასო თანამემამულენო, დებო და ძმებო. მე პირადად მივიღე ძალიან რთული გადაწყვეტილება როგორც ჩემთვის, ისე ყოველი ჩვენთაგანისთვის.
მე რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ 01:00 საათიდან. შეთანხმების ტექსტი დაუჯერებლად მტკივნეულია ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის.
ეს გადაწყვეტილება სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზისა და იმ ადამიანების გათვალისწინებით მივიღე, ვისაც სიტუაცია ყველაზე უკეთ ესმის. ასევე იმის რწმენით, რომ მოცემულ სიტუაციაში ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ მომდევნო დღეებში უფრო ვრცლად ვისაუბრებ.
ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არ არის მარცხი, სანამ ამას თავად არ ვაღიარებთ. ჩვენ კი ამას არასდროს ვაღიარებთ და ეს უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ერთიანობის დასაწყისი, ჩვენი ხელახლა დაბადების ერა. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი დამოუკიდებლობის წლები, რათა უკეთ დავგეგმოთ მომავალი და წარსული შეცდომები აღარ გავიმეოროთ. მე მუხლს ვიყრი თითოეული მსხვერპლის წინაშე. მე ქედს ვიხრი თითოეული ჩვენი ჯარისკაცის, ოფიცრის, გენერლისა თუ მოხალისის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს. მათ გადაარჩინეს არცახი თავიანთი თავგანწირვით, მათ იბრძოლეს სისხლის ბოლო წვეთამდე. და ჩვენ გავიმარჯვებთ. არცახი იარსებებს. გაუმარჯოს სომხეთს. გაუმარჯოს არცახს!“, – წერს ფაშინიანი Facebook-ზე.