მივიღე ევროპარლამენტარების წერილი. სამწუხაროდ, ვერცერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე - პაპუაშვილი

პუბლიკა

„მივიღე წერილი, წავიკითხე და სამწუხაროდ, ამ წერილში ვერცერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე. ერთადერთი მოლოდინი მაქვს ამ დეპუტატებისგან, რომ ვნახავ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კონკრეტულმა ევროპარლამენტარებმა ბოდიში უნდა მოიხადონ იმის გამო, რომ წელიწადზე მეტია, არიან მონაწილეები იმ დეზინფორმაციული კამპანიის, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

„თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება სათანადო სამედიცინო მომსახურება, თითქოს მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს, თითქოს მიხეილ სააკაშვილი აწამეს და ეს არა მხოლოდ ამ კამპანიის მონაწილეები არიან, არამედ რეზოლუციებიც კი მიიღო ევროპარლამენტმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ჩვენ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვართ ერთ აზრზე, რომ ეს ყველაფერი ეყრდნობა ტყუილს, ეს თქვა ზუსტად სტრასბურგის სასამართლომ, რომ მას მიეწოდება ყველა სათააადო სერვისი და სინამდვილეში ის არის თვითდაზიანების პროცესში.

სამწუხაროა, რომ ყველა, ვინც გაეკარა მიხეილ სააკაშვილის საკითხს ამ მხრივ, ყველა შერცხვა საქართველოს წინაშე, შერცხვა ევროპარლამენტი, რომელმაც დეზინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციები მიიღო, შერცხვა, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც, ნაცვლად იმისა, რომ მადლობა გადაეხადა საქართველოს ელჩისთვის, რომელიც ერთადერთი ელჩი იყო, რომელიც დარჩა კიევში ბოლო მომენტამდე, არ შეუშინდა რუსულ ბომბებს, ქართულ დროშას აფრიალებდა, ნაცვლად იმისა, რომ მადლობა გადაეხადა, გამოაძევეს უკრაინიდან. შერცხვნენ ყოფილი ელჩები, რომლებიც მონაწილენი არიან ამ დეზინფორმაციის, შერცხვნენ მოქმედი ელჩები საქართველოში, რომლებმაც, იცით, რომ დემარშით მიაკითხეს იუსტიციის მინისტრს და ეს დემარში სრულად დაფუძნებული იყო ტყუილზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


50-მდე ევროპარლამენტმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანონ.