მივიღე გადაწყვეტილება, კიდევ უნდა შევიცვალო საცხოვრებელი - სამირა ბაირამოვა

პუბლიკა

აქტივისტი სამირა ბაირამოვა, რომელსაც სახლის კარზე ჯვარი და რუსეთის დროშა დაუხატეს, ამბობს, რომ საცხოვრებლის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ფორმულას“ ეთერში ბაირამოვამ თქვა, რომ მას შსს თავად დაუკავშირდა. მისი თქმით, მას გადაწყვეტილი არ ჰქონდა უწყებისთვის მიმართვა, რადგან მსგავსი საქმეების გამოძიება ხშირად უშედეგოა და პოლიტიკური ნების გარეშე რეაგირება არ ხდება.

„დღეს მივიღე გადაწყვეტილება, კიდევ უნდა შევიცვალო ჩემი საცხოვრებელი ადგილი. კონკრეტულად არ ვიცი, საქართველოში სხვა რეგიონში გადავალ თუ საზღვარგარეთ, მაგრამ დროებით მომიწევს ჩემი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, იმიტომ, რომ ეს უკვე იყო წითელი ხაზი ჩემთვის. ან ამ ადამიანებთან უნდა შევიდე ფიზიკურ დაპირისპირებაში. ასევე, ვცდილობ, სახლში მქონდეს შესაბამისი აღჭურვილობა, რადგან ამ სახლში ცხოვრება ჩემთვის უკვე არ არის უსაფრთხო“, – განაცხადა მან.

შემთხვევის ამსახველი ფოტოები დღეს, 4 ოქტომბერს სამირა ბაირამოვამ თავად გამოაქვეყნა.

„დილით ადრე სავარჯიშოდ გავდიოდი სახლიდან და ასეთი ამბები დამხვდა. თქვე იდიოტებო, გულში ატარეთ ეს დროშა. მინიმუმ უკულტურობა და არაჰუმანურობაა რელიგიის ასეთი ფორმით დამცირება, თქვენთვის კი ეს მანიპულაციის იარაღია. მე ხელს არ მიშლის არცერთი რელიგიური სიმბოლიკა. […]

არადა, მარნეულიდან თბილისში უსაფრთხოების გამო გადმოვედი, სახლი ჩემთვის იყო ერთადერთი ადგილი, სადაც დაცულად და მშვენივრად ვგრძნობდი თავს.

ასე მომილოცეს ჩემი 35-ე დაბადების დღეს!”, – დაწერა სამირა ბაირამოვამ ფეისბუქზე.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „პუბლიკას” უთხრეს, რომ სამირა ბაირამოვას უკვე დაუკავშირდა გამომძიებელი და რომ ის „რეაგირების მოხდენის მიზნით დაბარებულია უწყებაში”.

სამირა ბაირამოვა მარნეულელი აქტივისტია. 2022 წლის 14 მარტს მან ქალაქში ძალადობრივი ჯგუფის, „ალტ-ინფოს” პარტიული ოფისის გახსნა გააპროტესტა და გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა. ამას „ალტ-ინფოს“ მხრიდან მუქარა მოჰყვა, მათ შორის, სიცოცხლის მოსპობის. ისინი აქტივისტს „თავის მოჭრით” დაემუქრნენ. იმავე წლის 20 მარტს  ​„ალტ-ინფომ” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის ოფისს წითელი საღებავები შეასხა. პარტიის ოფისის კედლებზე დატოვეს სამირა ბაირამოვას შეურაცხმყოფელი წარწერები.

მაშინ შსს-მ ბაირამოვას მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც ნიშნავს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას. იმავე წლის აპრილში პროკურატურამ აქტივისტი დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო.