მივიღებთ თავდაცვის კოდექსს, რომელიც მოაწესრიგებს სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს - თალაკვაძე

პუბლიკა

„საქართველოს პარლამენტი მიიღებს თავდაცვის კოდექსს, რომელიც მოაწესრიგებს სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის 2021 წლის გეგმების წარდგენისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტი ასევე გეგმავს ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე მუშაობას, რომელშიც პრიორიტეტულ ადგილს დაიკავებს ჰიბრიდული საფრთხეების საკითხი.

„საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტს – უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი როლი აქვს – თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების საკანონმდებლო მხარდაჭერა და, რაც მთავარია, საპარლამენტო კონტროლის განხორციელება.

ტრადიციული საფრთხეების არსებობა, ასევე, რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილება ჩვენგან მოითხოვს უსაფრთხოების სფეროში მაღალი დონის თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან.

ამ მხრივ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად პარლამენტი გეგმავს ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე მუშაობას, რომელშიც პრიორიტეტულ ადგილს დაიკავებს ჰიბრიდული საფრთხეების, მათ შორის, კიბერსაფრთხეების,  ანტიდასავლური პროპაგანდისა და ინფორმაციული ოპერაციების საპასუხოდ ეროვნული შესაძლებლობებისა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერება.

ჩვენ ვგეგმავთ ტოტალური თავდაცვის მექანიზმებების გაძლიერებას –  საქართველოს პარლამენტი მიიღებს თავდაცვის კოდექსს, რომელიც მოაწესრიგებს სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, გააუმჯობესებს თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობას და მოახდენს თავდაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების კოდიფიცირებას”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მან სიტყვით გამოსვლისას სამ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება – ეს არის დემოკრატია, უსაფრთხოება და ეკონომიკა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტს სამივე სფეროში აქვს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, როგორც საკანონმდებლო მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე, საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით.