მივიღეთ ზომა, რომ ჩატარდეს ტესტები, ვიკვლევთ პირდაპირ კონტაქტებს - სალია „რუსთავი 2-ის“ ინფიცირებულ თანამშრომელზე

პუბლიკა

„რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამასთან დაკავშირებით მაუწყებლის გენერალურმა და აღმასრულებელმა დირექტორებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მალე დაიყება არხის თანამშრომლების ტესტირება და ასევე მუშავდება გეგმა, როგორ უნდა გააგრძელოს ტელეკომპანიამ მაუწყებლობა.

„შემუშავებული გვაქვს სპეციალური პროტოკოლი, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ ვითარებაში. გავდივართ აქტიურ კონსულტაციებს და უშუალო კონტაქტზე ვართ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრთან, ვასრულებთ მათ რეკომენდაციებს.

ვმუშაობთ იმაზე, რომ მოძიებული იყოს ყველა პირდაპირი კონტაქტი. უკვე მივიღეთ ზომები იმისთვის, რომ ჩატარდეს ტესტები. ყველა იმ თანამშრომელს, რომელსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა, უნდა ჩაუტარდეს ტესტი. იმედი გვაქვს, მის უშუალო კონტაქტებს არ დაუდასტურდება ვირუსის გადადება“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ირაკლი იმნაიშვილმა განმარტა, რომ შემუშავებულია სამეტაპიანი პროტოკოლი.

პირველი ეტაპია რისკების შეფასება, მეორე – რისკების მართვა და შემცირება, რაც გულისხმობს ყველა თანამშრომლის ტესტირებას და მესამე: რა ცვლილებები უნდა შევიდეს არხის დღის წესრიგში, ამაზე მუშაობს კომპანია მედიკოსებთან ერთად იმისთვის, რომ ეთერი არ გაჩერდეს.

„ღამის კურიერი“ იყო დაგეგმილი და მივიღეთ გადაწყვეტილება დღეს, მხოლოდ დღეს მოგვეხსნა ეთერიდან, რადგან რისკები არ გვაქვს შეფასებული და არ გივნდა რისკის ქვეშ დავაყენოთ ადამიანები, თუმცა ყველფაერს გავაკეთებთ, რომ ეთერი არ გაჩერდეს“, – განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.