მივხვდი, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ - გიული ალასანია

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კლინიკა „ვივამედის“ განცხადების შემდეგ ამბობს, რომ სააკაშვილს ციხეში დაბრუნებას უპირებენ.

„მივხვდი, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ. ადამიანი ავად არის, ძალიან სუსტად. რომელი ექიმი მოაწერს ხელს, რომ ის ჯანმრთელია?! ადამიანი ფეხზე ვერ დგება, 62 კილო არის. 47 დიაგნოზი აქვს, აქედან 3 უმძიმესი“, – აცხადებს ალასანია, რომელიც განმარტავს, რომ მის შვილს ჭამა ფიზიკურად არ შეუძლია, იმიტომ რომ მოწამლულია.

სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის ვერსიით კი „ვივამედის“ განცხადება გამიზნულია იმისთვის, რომ პატიმარი გლდანის ციხეში ან მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ.

„პალიტრანიუსის“ ეთერში მის მიერ გაკეთებული შეფასებით, დაგეგმილია პროვოკაცია.

კლინიკა „ვივამედი“ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ იძულებული ხდება, მიმართოს პენიტენციურ სამსახურს, შეაფასოს მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა.

კლინიკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასული წლის ოქტომბრის შემდეგ პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე, კლინიკა კი მათი თქმით დაუმსახურებლად იღებს კრიტიკას.