მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში - პრეზიდენტი

პუბლიკა

პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის დროს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციისთვის საჭიროა „მანკიერი საბჭოთა წარსულის მახინჯი წარმონაქმნების“ ჩამოშორება.

„ნათელია, რომ ამ პრიორიტეტების შესრულებას ერთპიროვნულად ვერავინ შეძლებს, რამეთუ ის, რაც გასაკეთებელია, ყველას პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და მომავლის წინაშე. თუმცა ამავე დროს ცხადია, რომ მთავარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვის ხელშიც ძალაუფლების ყველა ბერკეტია, ესე იგი, მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ახლა უკვე, მათ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს.

მათ, კოლექტიურად და პიროვნულად ევალებათ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის მყისიერად განხორციელება. მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, წინასწარ ვერ და არ შევაფასებ ახალ თუ მომავალ პრემიერს, არც იმას, თუ რას ნიშნავს ერთის მოსვლა, მეორის წასვლა და მესამის წახალისება, მაგრამ ვალდებული ვარ, ამ ტრიბუნიდან გავაჟღერო ის, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაზეც პასუხის მიღება მათი უფლებაა. ასეთი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ დემოკრატიის მთავარი პრინციპია.

მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?“, – მიმართა მან ირაკლი კობახიძეს.

მან პრემიერობის კანდიდატს ჰკითხა, წარმოადგენს თუ არა ქმედითი ნაბიჯების გეგმას, თუმცა შემდეგ აღნიშნა, რომ საზოგადოების შეკითხვების ადრესატი ისაა, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას.

„წარმოადგენთ თუ არა გეგმას: სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას; სადაც გაწერილი იქნება, როგორ უზრუნველყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას; სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს მისცემთ საგამოძიებო უფლებებს და დამოუკიდებლობას; სადაც უზრუნველყოფთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და როგორ დავუახლოვდეთ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. თუმცა, საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.