„მივმართავ ჩვენს აგიტატორებს, გააგრძელეთ ასე მუშაობა“ - კახა კალაძე

პუბლიკა

„მინდა მივმართო ჩვენს აგიტატორებს, ჩვენს მხარდამჭერებს – გააგრძელეთ ასე მუშაობა, ეს არ არის კანონდარღვევა და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც ამ წუთამდე აკეთებდით“, – ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ  ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, საარჩევნო უბნების მიმდებარე ჩვენი აგიტატორების მუშაობა – აქაც ცალკეული მედიასაშუალებები ცდილობენ, რომ ეს წარმოაჩინონ კანონდარღვევად. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს აგიტატორებს, ჩვენს მხარდამჭერებს – გააგრძელეთ ასე მუშაობა, ეს არ არის კანონდარღვევა და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც ამ წუთამდე აკეთებდით. ამომრჩეველთა სიები ცესკოდან მიღებული აქვს ყველა საარჩევნო სუბიექტს და უბნების მიმდებარედ პრაქტიკულად ყველა პარტია აწარმოებს იგივე ტიპის სამუშაოებს“, – თქვა მან.

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, აკრძალულია კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე პირის მიერ არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

რაც შეეხება კოორდინატორებს, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებთ, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე კოორდინატორების მობილიზება, იმ მიზნით, რომ მოხდეს ამომრჩევლების იდენტიფიცირება, ესა თუ ის ამომრჩეველი მივიდა თუ არა არჩევნებზე, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებად და კონტროლის ფორმად უნდა შეფასდეს.